მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვაჭრობს საქართველო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან?

კონტეინერები

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $19 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის $1 მილიარდით, ანუ 5.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან და თან, წლის ამ პერიოდისთვის დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს, ანუ რეკორდს წარმოადგენს.

შარშან, ბრუნვის ჯამურმა მაჩვენებელმა $21.7 მილიარდი შეადგინა და თუ იმპორტ-ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიმდინარე წელი, სავარაუდოდ, ამ მხრივაც რეკორდული იქნება.

საგარეო ვაჭრობა, რომელიც იმპორტის და ექსპორტის მონაცემებით ფორმირდება, კვლავ მკვეთრად იმპორტისკენ არის გადახრილი, რაც საქართველოს ეკონომიკის ბუნებით აიხსნება. მიმდინარე წლის ათ თვეში, ექსპორტმა თითქმის $5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი $13.5 მილიონის ტოლი იყო. ექსპორტმა, შესაბამისად, წლიურად 7.4%-ით იმატა, როცა იმპორტი 4.8%-ითაა გაზრდილი. იმპორტის, ისევე, როგორც ექსპორტის ზრდა, უმეტესწილად მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება.

მაშ, რომელი ქვეყნები არიან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ბრუნვის მიხედვით და რას ვვაჭრობთ მათთან? მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, ყველაზე დიდი საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან, თურქეთთან, რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან აქვს. ევროკავშირი, მართალია, პირდაპირი გაგებით ქვეყანა არ არის, მაგრამ ევროკავშირი ერთი ბაზრის პრინციპს ეფუძნება, ანუ საგარეო ვაჭრობის კუთხით ის სახელმწიფოდ შეიძლება იქნას აღქმული. საერთო ჯამში, ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორზე საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 63.6% მოდის.

რას ვაჭრობენ საქართველო და ევროკავშირი?

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ $4 მილიარდს გადააჭრაბა, რაც $362 მილიონით, ანუ 9.8%-ით მეტია, ვიდრე შარშან. თუ გავითვალიწინებთ, რომ მთელი 2023 წლის განმავლობაში ბრუნვამ $4.5 მილიარდი შეადგინა, წელს, შესაძლოა, ევროკავშირთან ვაჭრობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდეს. მიმდინარე წლის ათ თვეში, ევროკავშირთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის 88% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, იმპორტმა $3.6 მილიარდი შეადგინა, როცა ექსპორტი სულ რაღაც $456 მილიონის ტოლი იყო.

რას ვყიდულობთ ევროკავშირში?

ევროკავშირიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით მსუბუქი ავტომობილები შემოდის — ამ პროდუქტის იმპორტის ღირებულებამ წელს $628.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ევროკავშირიდან იმპორტის სტატისტიკაში მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რაზედაც ქვეყანამ $360.4 მილიონი დახარჯა. მესამე ადგილზე დაფასოებულ მედიკამენტებს ვხვდებით, რომელთა ექსპორტი საქართველოს იანვარ-ოქტომბერში $245 მილიონი დაუჯდა. ევროკავშირიდან შემოტანილი პროდუქტების ხუთეულში ასევე ვხვდებით $87.5 მილიონის სატვირთო ავტომობილებს და $68.3 მილიონის მობილურ ტელეფონებს.

რას ვყიდით ევროკავშირში?

ევროკავშირთან მიმართებით, ექსპორტის კუთხით განსხვავებული მდგომარეობა შეინიშნება. ექსპორტი, მართალია, სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 12%-ის ტოლია, მაგრამ საქონლის კუთხით, ევროკავშირში უმეტესწილად ადგილობრივად წარმოებული ან მოპოვებული პროდუქცია გადის. ყველაზე დიდი ღირებულებით ევროკავშირში ქართული თხილი იყიდება, რამაც მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში $45.3 მილიონი შეადგინა. მეორე და მესამე ადგილებზე სპილენძის მადნებს და ძვირფას ლითონებს ვხვდებით, რომელთა ექსპორტმა შესაბამისად $42.5 მილიონი და $39.8 მილიონი შეადგინა. ხუთეულში ასევე ვხვდებით $30.5 მილიონის ღირებულების ნავთობს და ნავთობპროდუქტებს და ქართულ ღვინოს, რომლის ექსპორტმა წელს მეღვინეებს $26.8 მილიონის შემოსავალი მოუტანა.

რას ვაჭრობენ საქართველო და თურქეთი?

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ $2.6 მილიარდი შეადგინა, რაც $178.2 მილიონით, ანუ 7.2%-ით მეტია, ვიდრე შარშან. თუ გავითვალიწინებთ, რომ მთელი 2023 წლის განმავლობაში ბრუნვამ თითქმის $3 მილიარდი შეადგინა, წელს, შესაძლოა, თურქეთთან ვაჭრობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდეს. მიმდინარე წლის ათ თვეში, თურქეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის 84% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, თურქეთიდან იმპორტმა $2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა ექსპორტი სულ რაღაც $416.8 მილიონის ტოლი იყო.

რას ვყიდულობთ თურქეთში?

თურქეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით მედიკამენტები შემოდის, რაც თურქეთის ფარმაკოლოგიური ბაზრის გახსნას უკავშირდება — ამ პროდუქტის იმპორტში წელს საქართველომ $140.7 მილიონი გადაიხადა. მეორე ადგილს იმპორტით შავი ლითონის კონსტრუქციები იკავებს, რაც საქართველოს $60.7 მილიონი დაუჯდა. მესამე ადგილს $58.9 მილიონის იმპორტით ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, ხოლო შავი ლითონის მილებზე ქვეყანამ $54.3 მილიონი დახარჯა. მართალია შედარებით მცირედით, მაგრამ თურქეთიდან ასევე ხორციელდება მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, რაც ქვეყანას $49 მილიონი დაუჯდა.

რას ვყიდით თურქეთში?

თურქეთთან მიმართებით, ექსპორტის კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა. ყველაზე დიდი ღირებულებით საქართველოდან თურქეთში ფეროშენადნობები გადის, რამაც ქვეყანას წელს $141.7 მილიონის შემოსავალი მოუტანა. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მეორე ადგილს ტანსაცმელი იკავებს, რომელიც საქართველოში, დიდწილად, სწორედ თურქული ინვესტიციით იკერება — ამ პროდუქტმა სექტორს $58.8 მილიონის შემოსავალი მოუტანა. თურქეთი დიდი რაოდენობით ქართულ ელექტროენერგიასაც ყიდულობს, რაზედაც წელს $40.2 მილიონი დახარჯა. მამაკაცის კოსტიუმების იმპორტი თურქეთს წელს $27.3 მილიონი დაუჯდა, როცა ალუმინის ნარჩენებში მეზობელმა ქვეყანამ $12.7 მილიონი გადაიხადა.

რას ვაჭრობენ საქართველო და რუსეთი?

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ $2.1 მილიარდი შეადგინა, რაც მცირედით, კერძოდ $21 მილიონით, ანუ 1%-ით მეტია, ვიდრე შარშან, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდის მონაცემებით, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე არის გაზრდილი. მიმდინარე წლის ათ თვეში, რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის თითქმის 72% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, რუსეთიდან იმპორტმა მილიარდ 481 მილიონი დოლარი შეადგინა, როცა ექსპორტი $580.3 მილიონს გაუტოლდა.

რას ვყიდულობთ რუსეთში?

ყველაზე დიდი ღირებულებით რუსეთიდან ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ვყიდულობთ, რაც გასაგებია, რადგან რუსეთი, ერთი მხრივ, ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელია, ხოლო რუსული ნავთობი, რომელიც არ არის სანქცირებული, უფრო იაფი ღირს, ვიდრე ევროპული. მიმდინარე წლის ათ თვეში, საქართველომ ბენზინის რუსეთიდან იმპორტში $438.2 მილიონი გადაიხადა, მაგრამ ამასთან, ამ ქვეყნიდან $122 მილიონის ნავთობის აირები, ანუ გაზი შემოვიტანეთ. მესამე ადგილს ფოლადის ნაწარმი იკავებს, რომლის იმპორტი საქართველოს $82.5 მილიონი დაუჯდა. რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტების ხუთეულში ასევე ვხვდებით $62.8 მილიონის ხორბალს და $39 მილიონის ქვანახშირის კოქსს.

რას ვყიდით რუსეთში?

თუკი რუსეთიდან ყველაზე დიდი ღირებულებით ადგილობრივად წარმოებული ნავთობი შემოგვაქვს, ექსპორტზე უმეტესწილად ადგილობრივი წარმოების ღვინო გაგვაქვს. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართველმა მეღვინეებმა რუსეთში $161.2 მილიონის ღვინო გაიტანეს, როცა ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე სასმელების ექსპორტმა ქვეყანას $128.8 მილიონის შემოსავალი მოუტანა. ექსპორტით მესამე და მეოთხე ადგილს ასევე სასმელი იკავებს — მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტმა $68.1 მილიონი, ლიმონათების ექსპორტმა კი $53.4 მილიონი შეადგინა. ხუთეულში ასევე ვხვდებით სეზონურ ხილს, რაზედაც რუსეთმა $32.2 მილიონი დახარჯა.

რას ვაჭრობენ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები?

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 728 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც $91 მილიონით, ანუ 5%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან. საერთო ჯამში, საქართველოს და მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ვაჭრობა არაერთგვაროვანია და მერყეობით გამოირჩევა. ამ კუთხით რეკორდი შარშან დაფიქსირდა, როცა ბრუნვამ 2 მილიარდ 147 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ნაკლებადაა სავარაუდო. მიმდინარე წლის ათ თვეში, ამერიკასთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის 92.3% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, იმპორტმა მილიარდ 596 მილიონი დოლარი შეადგინა, როცა ექსპორტი სულ რაღაც $132 მილიონის ტოლი იყო.

რას ვყიდულობთ აშშ-ში?

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით მანქანები შემოდის, რაც იქ არსებულ სადაზღვევო აუქციონებს და საქართველოს რეგიონულ საავტომობილო ჰაბად გადაქცევას უკავშირდება — მსუბუქი ავტომობილების იმპორტში წელს საქართველომ $1.5 მილიარდი გადაიხადა. მეორე ადგილს იმპორტით თხილი და სხვა კაკალი იკავებს, რაც საქართველოს $19.8 მილიონი დაუჯდა. მესამე ადგილს $7.8 მილიონის იმპორტით შინაური ფრინველის საკვები იკავებს, ხოლო სხვა ტიპის საკვებში ქვეყანამ $5.4 მილიონი გადაიხადა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ასევე ხორციელდება მოტოციკლების და ველოსიპედების იმპორტი, რაც ქვეყანას წელს $5 მილიონი დაუჯდა.

რას ვყიდით აშშ-ში?

თურქეთთან მიმართებით, ექსპორტის კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა. ყველაზე დიდი ღირებულებით საქართველოდან ამერიკაში, ისევე, როგორც თურქეთში, ფეროშენადნობები გადის, რამაც ქვეყანას წელს $90.3 მილიონის შემოსავალი მოუტანა. ფეროშენადნობების მიღმა, შეერთებულ შტატებთან მიმართებით ექსპორტის ორნიშნა მაჩვენებელი არც ერთ სხვა პროდუქტთან მიმართებით არ ფიქსირდება. ექსპორტით მეორე ადგილს $6.6 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილები იკავებს, მესამეზე კი $6.4 მილიონის ღვინოს ვხვდებით. ამრიგად, რუსეთში ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ამერიკიდან მიღებულ შემოსავალს 25-ჯერ აღემატება. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შავი ლითონების მილებს და წყალბადს ვხვდებით, რომელთა გაყიდვით საქართველომ $5.9 მილიონის და $4.4 მილიონის შემოსავალი მიიღო.

რას ვაჭრობენ საქართველო და ჩინეთი?

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 597 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც $190 მილიონით, ანუ 13.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი 2023 წლის განმავლობაში ბრუნვამ მილიარდ 640 მილიონი შეადგინა და თან, საქართველოს და ჩინეთს შორის დაახლოების პროცესი გრძელდება, წელს, შესაძლოა, ჩინეთთან ვაჭრობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდეს. მიმდინარე წლის ათ თვეში, ჩინეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის თითქმის 84% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, იმპორტმა მილიარდ 340 მილიონი დოლარი შეადგინა, როცა ექსპორტი სულ რაღაც $256.7 მილიონი იყო.

რას ვყიდულობთ ჩინეთში?

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით ფოლადის ნაწარმი შემოდის, რაც ჩინეთის ინდუსტრიულ წარმოებას უკავშირდება — ამ პროდუქტის იმპორტში წელს საქართველომ $43.7 მილიონი გადაიხადა. მეორე ადგილს იმპორტით სატვირთო ავტომობილები იკავებს, რაც საქართველოს $43 მილიონი დაუჯდა. მესამე ადგილს $42.5 მილიონის იმპორტით კონდიციონერები იკავებს, ხოლო საბურავებზე ქვეყანამ $41.6 მილიონი დახარჯა. ჩინეთიდან ასევე შემოდის კომპიუტერები, რაც ამ ქვეყანაში არსებულ დიდ წარმოებას და LENOVO-ს მსგავსი ჩინური კომპანიების ნაწილის ტექნოლოგიურ დომინაციას უკავშირდება — საერთო ჯამში, წელს საქართველოში $36.7 მილიონის კომპიუტერები შემოვიდა.

რას ვყიდით ჩინეთში?

ჩინეთთან მიმართებით, ექსპორტის კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა. ყველაზე დიდი ღირებულებით საქართველოდან ჩინეთში ძვირფასი ლითონები გადის, რამაც ქვეყანას წელს $157.7 მილიონის შემოსავალი მოუტანა. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მეორე ადგილს სპილენძის მადნები იკავებს — ამ პროდუქტის ექსპორტმა სექტორს $27.4 მილიონის შემოსავალი მოუტანა. ჩინეთი დიდი რაოდენობით ქართულ სანელებლებსაც ყიდულობს, რაზედაც წელს $26.7 მილიონი დახარჯა. სამედიცინო ხელსაწყოების იმპორტი ჩინეთს წელს $19.2 მილიონი დაუჯდა, როცა ქართულ ღვინოში მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ $7.5 მილიონი გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები