მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 15 წელიწადში საგარეო ვალის უმეტესობა დემოკრატიული ქვეყნებისგან აიღო - კვლევა

6475e86d21170
გიგა ბენია
30.05.23 19:45
1021
„ბოლო 15 წელიწადში შეღავათიანი და გრძელვადიანი კრედიტების უმეტესობა დემოკრატიული ქვეყნებისგან და მათი საფინანსო ორგანიზაციებიდანაა აღებული", - ამის შესახებ "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც EPRC მიუთითებს, დემოკრატიული ქვეყნებიდან და დემოკრატიული ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული საგარეო ვალი საქართველოში ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და სხვა ტიპის პროექტებს ხმარდება.

ანგარიშის მიხედვით, საგარეო ვალის ინდექსის მიხედვით, საქართველო 2007 წლიდან მოყოლებული დემოკრატიულ ქვეყნებზე 89%-ითაა დამოკიდებული. ავტორიტარულ რეჟიმზე სავალო დამოკიდებულება ამჟამად 2.26%-ია. ცნობისთვის, მონაცემებში საერთაშორისო გრანტები გათვალისწინებული არ არის, რამაც, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2007-2022 წლებში 5.9 მლრდ. ლარი შეადგინა.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ 2007-2022 წლებში ევროკავშირისა და აშშ-დან შემოსული ინვესტიციების მოცულობა რუსეთისა და ჩინეთის საინვესტიციო მოცულობას 6-ჯერ აღემატება.

„2020 წლის შემდეგ, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, რუსეთიდან ინვესტიციები 20%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურ ინვესტიციებში მისი წილი 2022 წელს 4%-ს არ აღემატებოდა. ჩინური ინვესტიციებისთვის პიკურ წლებში (იგულისხმება 2014 და 2022) ჩინეთის წილი 6%-მდეა. ავტორიტარული ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტიციებს შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანული ინვესტიციების მაჩვენებელი. მსხვილ საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტების დაფინანსებაში აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ცნობისთვის, 2007-2022 წლებში ავტორიტარული ქვეყნების წილი ინვესტიციებში 30%-ის ფარგლებშია. კვლევის "საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი" ავტორებმა ეკონომიკური დამოკიდებულების განსასაზღვრად The Economist Intelligence Unit-ის „დემოკრატიის ინდექსის" მეთოდოლოგია გამოიყენეს. მეთოდოლოგიის მიხედვით, ქვეყნები ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი: „ავტორიტარული", „ჰიბრიდული რეჟიმი", „არასრული დემოკრატია" და „სრული დემოკრატია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები