მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო იპოთეკების ვადის შემცირება საკრედიტო პორტფელის ზრდას შეამცირებს - ალექსანდრე ძნელაძე

61b0ba3a0c5d0
ელენე გოგბერაშვილი
08.12.21 17:55
519
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აკრძალა. ეს გადაწყვეტილება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრება. აღნიშნული ცვლილებები კი ძალაში 2022 წლიდან შევა.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სავალუტო იპოთეკების მსესხებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი "არაჰეჯირებულია" და კურსის მერყეობისგან არაა დაცული, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. იპოთეკური სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობის შემცირებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს შეამციროს ახალი იპოთეკების ის წილი, რომლებიც 10-15 წლამდე ვადით იქნებოდა აღებული.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ეს გადაწყვეტილება დღეს სიახლე იყო საბანკო სექტორისთვის. როგორც ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ამ ნაბიჯით შეიზღუდება როგორც იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც უცხოურ ვალუტაში იღებს სესხს, ისე ეს გავლენას იქონიებს საკრედიტო პორტფელის ზრდაზეც, თუმცა ალექსანდრე ძნელაძე იმედს იტოვებს, რომ მომავალი წლიდან რეფინანსირების განაკვეთის კლება შეამცირებს წნეხს სავალუტო სესხებზე, რაც ცენტრალურ ბანკს საშუალებას მისცემს აღნიშნული შეზღუდვა გააუქმოს.

„ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო შეიზღუდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც შეძლებენ ისარგებლონ იპოთეკური სესხებით უცხოურ ვალუტაში, მაგრამ კვლავინდებურად რჩება მომხიბვლელი უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხები ლარის სესხებთან შედარებით მისი ფასის გამო.

ეს გადაწყვეტილება ჩვენთვისაც ახალია, როგორც თქვენთვის. რა თქმა უნდა მოახდენს რეაქციას და გარკვეულწილად შეამცირებს საკრედიტო პორტფელში ზრდის ტემპს, რადგან როგორც ვნახეთ ლარის სესხები გაძვირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში ამოქმედდა სხვადასხვა შეზღუდვები, მაგრამ რამდენად დიდი იქნება ეს ეფექტი 2022 წლის განმავლობაში, ნაადრევია ამის შეფასება. იმედი გვაქვს, დიდი ეფექტი არ ექნება და იმედი გვაქვს, რომ 2022 წლის ზაფხულის მერე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, რაც შეამსუბუქებს წნეხს უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე და შესაძლებელი იქნება აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, მაგალითად, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ფიზიკურ პირებზე 367 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გაიცა, აქედან 54%, ანუ 198 მილიონი ლარი ლარის იპოთეკებზე მოდიოდა, 170 მილიონი ლარი კი სავალუტო იპოთეკები იყო. ოქტომბერში ახალი იპოთეკების რაოდენობა 5,153 იყო, მათ შორის ლარის იპოთეკების რაოდენობა 4,509-ს შეადგენდა, სავალუტო იპოთეკების კი 644-ს.

10 წელზე მეტი ვადიანობის ახალ იპოთეკებს შორის ოქტომბერში 121.3 მილიონი ლარის ეროვნული ვალუტის იპოთეკები და 131 მილიონი ლარის სავალუტო იპოთეკები გაიცა. შესაბამისად, 10 წელზე უფრო ხანგრძლივ იპოთეკებს შორის სავალუტო სესხები ჭარბობს. თუმცა, რაოდენობრივად ლარის სესხები 1,572 იყო, სავალუტო სესხები კი 490.

შეგახსენებთ, 2019 წლის იანვრიდან 200,000 ლარამდე სესხების აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი.