მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო იპოთეკურ კრედიტებს შორის უმოქმედო სესხების წილმა 10%-ს გადააჭარბა

60a0c84107467
შოთა ტყეშელაშვილი
16.05.21 11:22
848
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საბანკო სისტემაში არსებულ საკრედიტო რისკებსაც მიმოიხილავს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სისტემის სესხების 8.4% უმოქმედოს სტატუსს ატარებს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ამასთან, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 10%-საც მიაღწევს.  

ცალკეული სეგმენტების მიხედვით უმოქმედო სესხები ასე ნაწილდება:

კორპორაციული სესხების- 7.44%-ია უმოქმედო;
მცირე და საშუალო ბიზნესსესხების  - 9.75%-ია უმოქმედო;
საცალო (ფიზიკური პირების) სესხების - 9.30%-ია უმოქმედო.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, უმოქმედო სესხების შედარებით მაღალი მაჩვენებელი სავალუტო სესხების მიმართულებითაა. მათ შორის იპოთეკური სესხების 8.7-მილიარდიან პორტფელში უმოქმედო სესხების წილი გაზრდილია. კერძოდ 2020 წლის განმავლობაში, უცხოური ვალუტით გაცემულ იპოთეკებში (5 მილიარდი ლარის პორტფელი) უმოქმედო სესხების მოცულობა, რაც 4%-ს შეადგენდა, გაიზარდა და 10%-ს გადააჭარბა. ლარის იპოთეკურ სესხებში კი სადაც 2020 წლამდე უმოქმედო სესხები პორტფელის 1% იყო, 2020 წელს 4%-მდე გაიზარდა. მთლიანობაში ლარის იპოთეკური სესხების პორტფელი 3.7 მილიარდი ლარია. 



პანდემიის შედეგად გაუარესებული სასესხო პორტფელის შესაძლო დანაკარგები ბანკებმა თავიანთ ფინანსურ შედეგებში 2020 წელსვე ასახეს, რაც მათ მიერ შესაძლო დანაკარგების რეზერვში 1.1 მილიარდი ლარის ბუფერის შექმნას უკავშირდებოდა. 

ამასთანავე, კრედიტების ხარისხის შესანარჩუნებლად, ათასობით მსესხებელთან რესტრუქტურიზაციის შეთანხმებები გაფორმდა. თუკი 2019 წლის ბოლოსთვის რესტრუქტურიზებული იყო საბანკო სისტემაში არსებული სესხების 5%, 2020 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 20%-მდე იყო გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ საბანკო სისტემაში არსებული 38-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელიდან 7.6 მილიარდი ლარის სესხები რესტრუქტურიზებულია. მათ შორის ყველაზე მეტი რესტრუქტურიზაცია სავალუტო სესხებს დასჭირდა, რომელთა მთლიანი პორტფელის 25%-იც 2020 წლის ბოლოს რესტრუქტურიზებული იყო.

რესტრუქტურიზაცია ბანკის მომხმარებლის სესხის მომსახურების პირობების ცვლილებაა, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა ვალის მომსახურება მარტივად შეძლოს. ეს შეიძლება იყოს ვადის გახანგრძლივება, საშეღავათო პერიოდებზე შეთანხმება, სესხების გაერთიანება და სხვა.