მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარში იპოთეკური სესხების განაკვეთები შემცირდა

ბანკი

საქართველოში იპოთეკურ სესხებზე განაკვეთები შარშანდელთან შედარებით გაზრდილია უცხოურ ვალუტებში, განსხვავებით ლარისგან, სადაც კლება შეინიშნება. ზრდის ტემპი განსხვავებულია ვალუტებს შორის. პანდემიის დაწყებამდე იპოთეკურ სესხზე განაკვეთი ლარში ისტორიულ მინიმუმზე იყო და ნიშნული 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით 10.1%-ს შეადგენდა. თუმცა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ, ინფლაციასთან ერთად ფასის აწევა გამოიწვია და მას შემდეგ 2.5 პროცენტული პუნქტით არის მომატებული, შესაბამისად 12.6%-ს აღემატება. თუმცა 2023 წლის მე-2 და მე-3 კვარტალში იპოთეკური სესხის განაკვეთზე ლარში კლება შეიმჩნევა. 2023 წელს პროცენტული განაკვეთი 12.93%-დან 12,68%-ზე ჩამოვიდა. (2022 წლის სექტემბრისთვის 12.85% იყო)

საპროცენტო განაკვეთი იზრდება ამერიკულ დოლარში დენომინირებულ იპოთეკურ სესხებზე. 2023 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ დოლარზე განაკვეთი 6.93%-ია, რაც შარშანდელთან შედარებით (6.02%) 0.9% -ით არის გაზრდილი. 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით ეს ნიშნული 6.42%-ს შეადგენდა.

საინტერესოა, რა ცვლილებებს ვაწყდებით ევროში. აღნიშნულ ვალუტაში, უახლესი ინფორმაციით, საშუალო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე 5.64%-ია, და დოლარის მსგავსად მისი ფასიც იზრდება. ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაკვირვებით, ვამჩნევთ, რომ ერთი წლის წინ, ამავე პერიოდში, ზუსტად 1%-ით ნაკლებად - 4.6%-ად იყო შესაძლებელი იპოთეკური სესხის აღება მომხმარებლისთვის, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით (4.46%) უკვე გაზრდილი ფასია. 2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, კომერციული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელი 49.17 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც იპოთეკურ სესხებზე 10.17 მილიარდი ლარი მოდის.

უნდა ითქვას, რომ 2019 წლის რეფორმამ, რომელიც 200 000 ლარამდე იპოთეკური სესხის გაცემას მხოლოდ ლარში უშვებს და რომლის მთავარი მიზანიც ლარიზაციის გაზრდაა, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა შეამცირა. შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით ლარში გაცემული იპოთეკური სესხების ნაშთი უცხოური ვალუტებში გაცემული სესხების ნაშთს აჭარბებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან იმ სესხების მინიმალური ზღვარი, რომლის აღებაც ლარში შემოსავლის მქონე პირებს შეეძლებათ, 200,000-დან 300,000-მდე იზრდება.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები