მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში, 25 ნოემბერი - 1 დეკემბერი

საპროტესტო აქცია

გთავაზობთ გასული კვირის - 25 ნოემბერი 1 დეკემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს

აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ ქსელ X-ზე.

"აშშ ევროკავშირთან ერთად გამოთქვამს მწუხარებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ კონსტიტუციის ამ ღალატს. ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ საყრდენია. შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან", - წერს მეთიუ მილერი.

"ქართული ოცნების" მთავრობა EU-სთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 4 წლით, 2028 წლამდე აჩერებს

28 ნოემბერს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის EU-სთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 4 წლით, 2028 წლამდე აჩერებს. 29 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ისინი არ შეეწინააღმდეგებიან თავად EU-ს თუ ისინი თავად გადაწყვეტენ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას და ამას მიესალმებიან კიდეც, თუმცა თავად მთავრობა გეგმავს, რომ მომდევნო 4 წელი არ მიმართონ EU-ს მოლაპარაკებათა გახსნის თაობაზე. ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას 28 ნოემბერსვე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტის დაწყება მოჰყვა.

ევროპარლამენტი რეზოლუციით ვადამდელ არჩევნებს და ივანიშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილის სანქცირებას ითხოვს

28 ნოემბერს ევროპარლამენტმა 444 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ. ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევებმა არჩევნების ლეგიტიმურობის შელახვა გამოიწვია, რისი გათვალისწინებითაც ევროპარლამენტი საქართველოს ერთი წლის ვადაში ხელახალი არჩევნებისკენ მოუწოდებს. ამავე რეზოლუციით ევროპარლამენტმა ევროკომისიას და წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის და სხვა ლიდერების სანქცირებისკენ მოუწოდა.

ბიზნესები: ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს

ქართული ოცნების საპასუხოდ საქართველოს მსხვილი ბიზნესები ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ.

"მაგთიკომი კატეგორიულად გმობს საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს "მაგთიკომი".

"ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის", - ავრცელებს "თიბისი".

"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას.

არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!"- აცხადებს სილქ როუდ ჯგუფი.

"საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს. ევროპისკენ მიმავალ გზაზე - არ გაჩერდე", - წერს საქართველოს ბანკი.

"მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა აზიანებს უპირველესად ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის განვითარებასა და იმ საერთო მიზნებს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დავისახეთ.

ასევე, მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. თითოეული ქართველის მოვალეობაა, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველა ჩვენგანის ინტერესშია, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დასავლური სამყარო უხსნის ჩვენს ქვეყანას.

წინ და წინ, ევროპისკენ!",- წერს "თეგეტა ჰოლდინგი".

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 500,000 ლარამდე აწია - ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შედის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 500,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2024 წელსაც გაზარდა, როდესაც ის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 100,000 ლარით ზრდას მოიცავს. 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 60 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 56.73% მოდის, ოქტომბერში ლარიზაცია დამატებით 0.63 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი კრედიტების ლარიზაცია 1.91 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. მზარდია ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში ქვეყანაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 86% ეროვნულ ვალუტაში გაიცა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ახალი იპოთეკური სესხების ლარიზაცია 78%-ს შეადგენდა.

ლარი გაუფასურდა

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, კლებამ 4.10 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. გაცილებით უფრო მკვეთრად 8 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან, რომლის ღირებულებაც 2.9348 ლარი გახდა. გაუფასურების უმთავრესი და წამყვანი მიზეზი 28 ნოემბერს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 4 წლით შეჩერება გახდა. 29 ნოემბერს დილიდანვე ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და Bloomberg-ის სისტემაში 2.7999-საც მიაღწია, ხოლო ამჟამად კი კომერციულ ბანკებში დოლარის შეძენა 2.82-2.86 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.

სებ-მა ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით გაუზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით გაუზარდა - შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ ბანკებში არსებული სავალუტო ლიკვიდობა გაზრდილ სავალუტო დაკრედიტებაში არ გადაიქცეს. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა არის ის ვალდებულება, რომელიც კომერციულმა ბანკმა ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე უნდა განათავსოს. ამჟამად, 1 წლამდე ლარით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო მოთხოვნა 5%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში არსებული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები მერყეობს 10%-დან 20%-მდე, შესაბამისად ეს მოთხოვნა 15%-დან 25%-მდე გაიზრდება.

თავად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების პირობებში სებ-ში განთავსებული სახსრები საქართველოს სავალუტო რეზერვების შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მათი ზრდა რეზერვების ზომის ზრდასაც გამოიწვევს. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ფარგლებში დაცულია 1.8 მილიარდი დოლარი ამ მოთხოვნის 5%-ით ზრდის შემდეგ ის დაახლოებით $1.95 მილიარდამდე გაიზრდება.

13 ბიზნესასოციაცია მთავრობის მიერ EU-სთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხის 4 წლით შეჩერებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ბიზნესასოციაციები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო, ICC Georgia, EBA Georgia, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია, აშშ-ის სავაჭრო პალატა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და ICDC.

საქართველოს ელჩები თანამდებობებს ტოვებენ

ბულგარეთში, ნიდერლანდებში და ლიეტუვაში საქართველოს ელჩები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. სამხრეთ კორეასა და ჩეხეთში საქართველოს ელჩებმა კი განაცხადეს, რომ ისინი ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტი პროცესის ერთგული რჩებიან. 210-ს აღემატება საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოხელეთა რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ მთავრობის განცხადება, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 200-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება

ეროვნული ბანკის 250-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 4 წლით ამოღებას კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. ანალოგიური შინაარსის განცხადებას უერთდება თბილისის მერიის 200-მდე თანამშრომელიც. ანალოგიურ განცხადებას ასევე უერთდება თავდაცვის სამინისტროს 50-ზე მეტი თანამშრომელი.

ოქტომბერში მოსახლეობამ და ბიზნესმა 1 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში გადაიტანა

ოქტომბერში მოსახლეობამ და ბიზნესმა 1 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში გადაიტანა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. ანგარიშის თანახმად, 2%-ით შემცირდა დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი და ის სექტემბერში არსებული 51%-დან ოქტომბრის ბოლოსთვის 49%-მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში ლარის დეპოზიტების მოცულობა 28.3 მილიარდ ლარს შეადგენდა (კლება სექტემბერთან 1.1 მილიარდი ლარი), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზომა კი ოქტომბრის ბოლოსთვის 29.16 მილიარდი ლარი იყო (ზრდა სექტემბერთან 1 მილიარდი ლარი).

2024 წლის 10 თვეში ქართულმა ბანკებმა 2.6 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 10 თვის განმავლობაში 2.6 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 304 მილიონი ლარით, ანუ 13%-ით მეტია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა "საქართველოს ბანკი", რომელმაც 2024 წლის 10 თვეში 1.26 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მეორე პოზიციას 985 მილიონი ლარით "თიბისი" იკავებს, მესამეზე კი "ლიბერთია" 95 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით.

სტატისტიკის თანახმად, 4 კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 9.9 მილიონი ლარის ზარალი განიცადა "სილქ ბანკმა", ასევე ზარალზე არიან "ჰეშ ბანკი" 3.8 მილიონი ლარი, "პეისერა" 1 მილიონი ლარით და "პეივბანკი" 700 ათასი ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები