მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

სილქ როუდ

გთავაზობთ გასული კვირის (27 ოქტომბერი - 2 ნოემბერი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ 5.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 200 მილიონით მეტია და რეკორდული მაჩვენებელია.

ჯერჯერობით სავალუტო რეზერვების ოქტომბრის სტატისტიკა სებ-ს არ გამოუქვეყნებია, აღნიშნული ინფორმაცია და დეტალური სტატისტიკა ეროვნული ბანკის მიერ 7 ნოემბერს გასაჯაროვდება.

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 15.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.2%-ით არის გაზრდილი. სექტორებს შორის მატება მრეწველობის, ლოგისტიკის და IT სექტორებში ფიქსირდება, კლება კი მშენებლობასა და ენერგეტიკაშია.

"2025 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

"სილქ როუდ ჯგუფმა" $400-მილიონიანი ევრობონდი განათავსა

"სილქ როუდ ჯგუფმა" $400-მილიონიანი ევრობონდი განათავსა, რაც საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის კორპორაციული ობლიგაციაა. ახალი ფასიანი ქაღალდი 5-წლიანი ვადიანობის იქნება და მასზე "სილქ როუდ ჯგუფი" ინვესტორებს 7.5%-ის კუპონის განაკვეთს გადაუხდის.

ახალი ფასიანი ქაღალდის ინვესტორები უმსხვილესი ამერიკული და ევროპული საფინანსო ინსტიტუტები არიან. მის განთავსებაში მონაწილეობა ამერიკულმა J.P. Morgan-მა და შვეიცარიულმა UBS-მა მიიღეს. ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, რომ მათ ფასიან ქაღალდზე მოთხოვნა სამჯერ აჭარბებდა მიწოდებას, რაც "სილქ როუდ ჯგუფის" და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმართ მაღალ დაინტერესებას უსვამს ხაზს, რადგანაც მთლიანობაში მოთხოვნა 1.3 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

კომერციულმა ბანკებმა 9 თვეში 2.4 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

2025 წლის 9 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.4 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 107 მილიონი ლარით, ანუ 4.6%-ით მეტია. ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 9 თვეში 1.2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 904 მილიონი ლარით, რაც წლიურად 1%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 94.5 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.

სექტემბერში საბანკო დაკრედიტება 760 მილიონი ლარით, დეპოზიტები კი 2.6 მილიარდი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2025 წლის სექტემბრისთვის 67.52 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 760 მილიონი ლარით (1.14%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.32% შეადგინა.

რაც შეეხება დეპოზიტებს, გასული თვის განმავლობაში განსაკუთრებით მაღალი ტემპით 4%-ით, ანუ 2.6 მილიარდი ლარით გაიზარდა ბანკებში არსებული დეპოზიტების პორტფელი და მან 65.6 მილიარდ ლარს მიაღწია. წლიურ ჭრილში დეპოზიტების მოცულობა 13.65%-ით არის გაზრდილი.

"ლუკოილ საქართველოს" და "ლუკოილის" ყველა საერთაშორისო აქტივის მყიდველი შესაძლოა Gunvor Group-ი გახდეს

რუსული ენერგოგიგანტი Lukoil-ი მისი საერთაშორისო აქტივების გაყიდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის თანახმად, მათ მიიღეს შემოთავაზება კვიპროსში რეგისტრირებული Gunvor Group-ისგან მათი საერთაშორისო აქტივების მფლობელი კომპანიის - ავსტრიაში რეგისტრირებული LUKOIL International GmbH-ის გაყიდვის თაობაზე. გარიგების ღირებულება უცნობია. ნავთობით მოვაჭრე Gunvor Group-ი შვედი ბიზნესმენის, ტორბიონ ტორნგქვისტის და რუსი მილიარდერის, გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული. კომპანიის თანახმად, ტიმჩენკო ამჟამად მათი აქციონერი აღარაა და მისი ძირითადი მფლობელი თავად ტორნგქვისტია. კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს Gunvor-ის შემოსავალი 136.5 მილიარდი დოლარი იყო, მოგება კი 750 მილიონი დოლარი. Forbes-ის თანახმად, ტორბიონ ტორნგქვისტის ქონება 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

განცხადების თანახმად, Lukoil-ი მისი აქტივების Gunvor Group-ზე გასხვისებას დათანხმდა, თუმცა გარიგებას ესაჭიროება იმ ქვეყნების თანხმობა, რომლებმაც მათ სანქციები დაადეს.

სახელმწიფო ტენდერებში ფასის განსაზღვრისთვის ბაზრის მოკვლევის ელექტრონული მოდული ამოქმედდება

სახელმწიფო ტენდერებში ფასის განსაზღვრისთვის ბაზრის მოკვლევის ელექტრონული მოდული ამოქმედდება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, რომლის თქმითაც ეს სისტემა გამარტივებული შესყიდვების პროცესშიც იქნება გამოყენებული.

"ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა დაკავშირებულია იმ მიდგომასთან, რომ თუ აქამდე შემსყიდველი ორგანიზაცია სხვადასხვა პირობებს იყენებდა ერთსა და იმავე საქონელთან დაკავშირებით, ამიერიდან სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი პირობები, როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით. რაც შეეხება ბაზრის კვლევის მოდულს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 40 000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გზების დეპარტამენტის 135 პროექტიდან 122 ერთხელ მაინც გადავადდა, მგფ-ის 214 პროექტიდან კი 161 პრობლემურია - რევაზ სოხაძემ უწყებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების და გზების დეპარტამენტის პროექტებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტროს პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთხელ მაინც გადავადდა, არაერთში კი ხარისხის პრობლემები, კონტრაქტორთა მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები და პროექტის მშენებლობის დაბალი ტემპებია. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 პროექტიდან 161-ში ასეთი პრობლემებია, ხოლო გზების დეპარტამენტის 135 პროექტიდან კი 122 ერთხელ მაინც გადავადდა.

ინტერპელაციის ფარგლებში სოხაძემ თეთრი სიის და საავანსო სისტემის ცვლილებებზე, ტენდერის ფასის სწორად განსაზღვრის და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების შესახებ ისაუბრა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, რომელიც 30 ნოემბერს დააკავეს, ის აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლიდან 2025 წლის გაზაფხულამდე იკავებდა. მან პოსტი გაზაფხულზე მინისტრ ირაკლი ქარსელაძის გადაყენების შემდეგ დატოვა.

გამოძიების ინფორმაციით, კობა გაბუნიამ, რომელიც სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდს კურირებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. საქმე უკავშირდება მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მგფ-ის ყოფილი დირექტორს დავით ტაბიძესაც აქვს ბრალი წარდგენილი. საუბარია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ დაუსაბუთებელი ავანსები გასცა კომპანია "ლაგი კაპიტალზე", რომელმაც თანხები მიითვისა. გამოძიების თანახმად, საქმის ფარგლებში ასევე ჩატარდა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლის ჩხრეკაც.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის წაუყენეს ბრალი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

საქმე გორში, ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ფაქტს ეხება. უწყების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან (გორის საკრებულოს წევრი), რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

ვლადიმერ ხუნდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს 2019-2025 წლებში იკავებდა. იქამდე კი 2016-2017 წლებში საბაჟო დეპარტამენტის უფროსი იყო.

კურორტების განვითარების სააგენტო გაუქმდება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეერწყმება

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო უქმდება - ამას ითვალისწინებს მთავრობის 27 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც აღნიშნული ორგანიზაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემადგენლობაში გადაინაცვლებს. ორგანიზაცია დამოუკიდებელი სახით არსებობას 2026 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს.

აღნიშნული ორგანიზაცია მთავრობამ 2022 წლის 8 ივლისს დააფუძნა და მის მიზანს კურორტების განვითარების პროექტების მომზადება და მათი განხორციელება წარმოადგენდა. უწყების ბიუჯეტი 2025 წელს 6 მილიონ ლარს შეადგენდა.

"ამბასადორი აილენდმა" კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ” მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა. ნებართვის საფუძველზე მოცემულ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თავის არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულის ტერიტორიაზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონება. აღნიშნული მრავალფუნქციური ნაგებობა აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს და ვერტოდრომს.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება.

პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში.

განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, პრემიერი, განათლების და ეკონომიკის მინისტრები ბიზნესს შეხვდნენ

დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს პრემიერი ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესასოციაციის წევრებს გააცნეს ინიციატივა რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს, რომლის ჩატარებასაც მთავრობა გეგმავს.

„გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხზე, ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი. ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის დახმარება, მათი მხარდაჭერა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები