გთავაზობთ გასული კვირის (23-29 ნოემბრის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში
სავალუტო დაკრედიტების ზღვარი კიდევ 500,000 ლარით, 1.5 მილიონამდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 1,500,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო და ის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
2026 წლის პირველი ივლისიდან ამ დრომდე არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტით დაკრედიტების მინიმალური ზღვარი 1 მილიონი ლარი იყო, იქამდე 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის 1 ივლისამდე 750,000 ლარის ზღვარი მოქმედებდა, იქამდე კი 2025 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე 500,000 ლარის ზღვარი იყო ძალაში. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 500,000 ლარით ზრდას მოიცავს.
ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში $236 მილიონი შეისყიდა
2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 235.75 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი, ოქტომბრის მდგომარეობით, 8.25 მლრდ აშშ დოლარს აღწევდა.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, ოქტომბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 235.75 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ოქტომბერში საბანკო დეპოზიტები ₾154 მილიონით გაიზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ოქტომბრის საბანკო დეპოზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. სებ-ის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ, ბანკთაშორისი დეპოზიტების გამოკლებით, ოქტომბრის ბოლოს 77.59 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, დეპოზიტები 153.76 მილიონი ლარით, ანუ 0.20%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ზრდამ 0.39% შეადგინა, ხოლო დეპოზიტების წლიურმა ზრდამ ანალოგიური კორექტირების გათვალისწინებით 20.85% შეადგინა.
საბანკო სექტორის დაკრედიტებამ ₾78.5 მილიარდს მიაღწია
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 78.46 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 320.41 მილიონი ლარით (0.41%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.65% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.73% შეადგინა.
საბანკო სექტორს წმინდა მოგება 3.2 მილიარდ ლარამდე გაეზარდა
საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის 10 თვეში 3.23 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. როგორც მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-ოქტომბრის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, მოგება წლიურ ჭრილში 541 მილიონი ლარით, ანუ 20%-ით არის გაზრდილი (2025 წლის 10 თვეში სექტორის წმინდა მოგება 2.69 მილიარდი ლარი იყო). ამასთან, 20 ბანკიდან 16 მოგებაზეა, 4 კი - ზარალზე.
ADB საქართველოსთვის $200 მილიონის სესხს გამოყოფს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოს მდგრადი ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება. ADB-ს ინფორმაციით, პროექტი ქვეყნის მასშტაბით მცირე ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები დაახლოებით 400,000 ადამიანისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად.
მთავრობამ ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადი დააწესა
26 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, ასევე თეთრეულის და ფეხსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა. თუკი აქამდე იმპორტიორებისთვის მოქმედებდა ტანსაცმლის პარტიის იმპორტის გაფორმების 500 ლარის გადასახადი განურჩევლად იმისა, რა ზომის პარტიის იმპორტი ხორციელდებოდა, ახლა გადასახადი მიებმება ტანსაცმლის წონას: ერთი კილოგრამი 3 ლარით დაიბეგრება, რაც ერთ ტონაზე 3000 ლარს შეადგენს.
ვადასტურებთ, რომ BSP-ს მხრიდან ვალდებულებები შესრულდა - ევროკომისია
"კომისიას შეუძლია, დაადასტუროს, რომ [ქართული მხარისთვის დაკისრებული] ვალდებულებები შესრულდა და შესაბამისად, სანქციების 22-ე პაკეტში გამოვდივართ ინიციატივით, [ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას] სანქციები მოეხსნას"- აღნიშნულია ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ BMG-სთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში, რომელიც კომისიის მიერ მომზადებული რიგით 22-ე სასანქციო პაკეტით მოცულ შესაბამის ინიციატივას შეეხება.
ცნობისთვის: ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა სანქციების სიაში ივლისში შეიყვანა და ნედლი ნავთობის მომწოდებლების შესაცვლელად ექვსი თვე მისცა.
ქართული ოცნება სუროგაციის აკრძალვას გეგმავს
“ქართული ოცნება” საქართველოში სუროგაციის აკრძალვას დაუბრუნდა. ოცნება აცხადებს რომ სუროგაციას სრულად აკრძალავენ, თუმცა უცვლელად რჩება ინ ვიტრო სერვისის მიღება.
კობახიძე რუსეთის მიერ შვიდი ქართული კომპანიის დასანქცირების საბაბს "აბსურდულს" უწოდებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსული მხარის მიერ ღვინის შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის საბაბს აბსურდულს უწოდებს. მისი შეფასებით, რუსეთის მიერ დასახელებული გარემოებები უსაფუძვლოა და ქართულ მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად შეზღუდვები სრულად მოიხსნებოდა.
ღვინის სავალდებულო, ფასიანი ნიშანდების ამოქმედების ვადა გადაიწევს
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება შეცვალა და ვადები დაკორექტირა. ღვინის სავალდებულო, ფასიანი ნიშანდების ამოქმედების ვადა გადაიწევს. ნიშანდების ვალდებულება ღვინის კომპანიებისთვის 2027 წლის 1 თებერვლის ნაცვლად 1 ივლისიდან ამოქმედდება.
10 თვეში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში 51 მილიონით მეტი შევიდა
2026 წლის 10 თვეში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 50.9 მლნ ლარით გაიზარდა. მხოლოდ ოქტომბერში ხაზინაში 52 მლნ ლარზე მეტი შევიდა, ხოლო 10 თვეში 631 მილიონამდე ლარია მობილიზებული.
წელს, 9 თვეში საქართველომ 2.3 მლრდ მ³ გაზი მოიხმარა
წელს 9 თვეში საქართველოში გაზის მოხმარებამ 2.3 მლრდ მ³ შეადგინა, რაც წლიურად 166 მლნ მ³-ით, ანუ 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
























