საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. მიღებული ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა. მისი განცხადებით, ზღვრის აწევით დაახლოებით 1000 სესხი, რომელიც სხვა შემთხვევაში დოლარში გაიცემოდა, ახლა ლარში გაიცემა, ხოლო ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 150 მილიონ დოლარამდე იქნებოდა. უტიაშვილის თქმით, ამ ცვლილებით ეს მსესხებლები სავალუტო რისკებისგან უფრო დაცული იქნებიან.
"დოლარიზაცია რჩება ჩვენი ფინანსური სექტორის მთავარ გამოწვევად. მის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გასულ წელს. სესხების არახეჯირებულ სესხებზე გაცემული სესხების ლიმიტი 200 000 ლარიდან 500 000 ლარამდე გავზარდეთ და მიმდინარე პერიოდში ამ გაცხადებული პოლიტიკის კვალდაკვალ ჩვენ ეს ზღვარი ავწიეთ 750 000 ლარამდე.
ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა პირველი აგვისტოდან, შეეხება დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ექვივალენტ პორტფელს წლიურ ჭრილში, რომელსაც წარმოადგენს დაახლოებით 1000 სესხს და ამ შემთხვევაში მსესხებლები ვინც ამ ზღვარში იღებენ სესხებს, იქნებიან დაცული სავალუტო რისკების მიმართ და ასევე ზოგადად დოლარიზაციის დონე შემცირდება, რაც პოზიტიურად აისახება საბანკო სექტორზე, მის შეფასებებზე, უცხოურ რეიტინგებზე და ზოგადად მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.
2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.2 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 56.75% მოდის, აპრილში ლარიზაცია დამატებით 0.14 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი კრედიტების ლარიზაცია 1.50 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
მზარდია ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 78% ეროვნულ ვალუტაში გაიცა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ახალი იპოთეკური სესხების ლარიზაცია 76.8%-ს შეადგენდა.
თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გაზრდილია ლარის იპოთეკური კრედიტების საპროცენტო განაკვეთები. 2025 წლის აპრილში გაცემულ ლარის იპოთეკურ კრედიტებზე განაკვეთი 13.26%-ს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 1.88 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.




























