მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შედეგები არის ნამდვილად თვალწარმტაცი“ – დავით უტიაშვილი სებ–ის პოლიტიკაზე

ეროვნული ბანკი

„მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. შეიძლება გარკვეულ პერიოდში ეს იყოს რთული გადაწყვეტილებები, მაგრამ ისევ და ისევ, ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ – ეს იქნებოდა მოთხოვნების გამკაცრება, პასუხისმგებლიანი დაკრედიტება თუ სხვა – დღეს ვხედავთ ამის შედეგებს. და ეს შედეგები არის ნამდვილად თვალწარმტაცი“, – ამის შესახებ სებ–ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა „საქმიანი დილა“–ს „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

დავით უტიაშვილის თქმით, ბოლო პერიოდშიც, სებ–მა დოლარიზაციის თვალსაზრისით გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო და მსგავსი პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

2024 წლის პირველი იანვრიდან, კიდევ უფრო გამკაცრდება სავალუტო კრედიტის აღება როგორც ბიზნესისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. კერძოდ, 200,000-ლარიანი ჭერი იზრდება 300,000 ლარამდე თუ სესხს ფიზიკური თუ იურიდიული პირი ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სესხის გამცემ სუბიექტში აიღებს. ცვლილება დაახლოებით 3 000-მდე ფიზიკურ და 500-მდე იურიდიულ პირს შეეხება.

„ამაზეც იყო ბაზრის რეაქცია, რომ დამატებითი გამკაცრებაა: ვიღაცას გაუჭირდება სესხის აღება და ა.შ., თუმცა, ისევ და ისევ, ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკას მოაქვს შედეგი. ასეთი პოლიტიკა, ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება. ცხადია, იქნება გამკაცრებების ეპიზოდი და იქნება შერბილებების ეპიზოდი. თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ ბაზარი ამას შეხვდება მომზადებული – განსაკუთრებით, ფინანსური სექტორი და ჩვენ გვინდა, რომ მათგან იყოს ყოველთვის მხარდაჭერა“, – ამბობს დავით უტიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები