მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ბაჩიაშვილი

გთავაზობთ გასული კვირის 26 მაისი - 1 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

გიორგი ბაჩიაშვილის უცხოეთიდან იძულებით გადმოყვანა და დაკავება

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ სუს-მა დააკავა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართველო 4 მარტს დატოვა. ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა, სადაც Guardian-ის ინფორმაციით, აბუ-დაბიში დააკავეს. ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა BMG-სთან განაცხადა, რომ "ეს იყო არა დაკავება, არამედ ბაჩიაშვილის გადაცემა".

"შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და ორი დღე თვალახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ოჯახის წევრის დალაპარაკების გარეშე, ყველა წესის დარღვევით. შემდგომ, მოტაცებული პირდაპირ ჩამტენეს "აირზენას" ბომბარდიერის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში,"- სამართლო სხდომაზე განაცხადა ბაჩიაშვილმა.

აღნიშნულზე მეტყველებს ისიც, რომ "ჯორჯიან ეარვეისის" VIP თვითმფრინავი 26 მაისს აბუ-დაბიში დაჯდა და იმავე დღეს უკავ გამოფრინდა. ბაჩიაშვულს უკვე შეფარდებული აქვს 11-წლიანი პატიმრობა ქართუ ბანკის სესხის საქმეზე (კრიპტოვალუტის საქმე), ხოლო საზღვრის უკანონო კვეთის და მტკვარი ჰესის საქმეებზე კი მოსმენა გრძელდება.

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა

2025 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის 4 თვეში ჯამურად ზრდა 8.8% იყო. საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის ბრუნვამ აპრილში 14.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.4%-ით არის გაზრდილი, თუმცა კონკრეტულ სექტორებში, მათ შორის მშენებლობის და დამმუშავებელი მრეწველობის სფეროებში შემცირებაა. ზრდა აღინიშნება IT-სა და უძრავი ქონების მართვის სფეროებში.

ეკონომიკური ზრდის მიზეზების და კონკრეტულ სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ გამართა ბრიფინგი. მისი განმარტებით, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობის შემცირებამ განაპირობა. დამმუშავებელი მრეწველობის სფეროში კლება კი დაკავშირებული იყო სასმელების წარმოების შემცირებასთან.

სავალუტო კრედიტების ზღვარი ლარში შემოსავლების მქონე პირებისთვის ₾750,000-მდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. მიღებული ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა. მისი განცხადებით, ზღვრის აწევით დაახლოებით 1000 სესხი, რომელიც სხვა შემთხვევაში დოლარში გაიცემოდა, ახლა ლარში გაიცემა, ხოლო ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 150 მილიონ დოლარამდე იქნებოდა. უტიაშვილის თქმით, ამ ცვლილებით ეს მსესხებლები სავალუტო რისკებისგან უფრო დაცული იქნებიან. ამასთან, დავით უტიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმითაც, რომ სებ-ი კრედიტების დოლარიზაციის შემცირების ტრენდით კმაყოფილი არაა.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნა, პერსპექტივა კი "ნეგატიურზე" დატოვა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურზე" შეუნარჩუნა. ეს მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, "ნეგატიურამდე" შეამცირა.

30 მაისის განახლებულ შეფასებაში სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის ძლიერ და სუსტ მხარეებში აღნიშნავს, რომ „BB“ რეიტინგი მხარდაჭერილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით ანალოგიური რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, ასევე სანდო მაკროფისკალური პოლიტიკის ჩარჩოთი, ზომიერი სახელმწიფო ვალითა და ჯანსაღი საბანკო სექტორით.

ახალი იპოთეკური კრედიტების რაოდენობა შემცირდა

2025 წლის აპრილში ქართულმა ბანკებმა სულ 3,994 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 325.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული კრედიტების პორტფელი კი 18%-ით არის შემცირებული.

2025 წლის 4 თვეში ქართულმა ბანკებმა 1.28 მილიარდი ლარის ახალი იპოთეკური კრედიტები გასცეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მილიონი ლარით ნაკლებია. რაც შეეხება კრედიტების რაოდენობას, ის 14,648-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის შემცირებული.

2025-ის 4 თვეში ქართულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის პირველი ოთხი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 1 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-აპრილში 13 მოგებაზე იყო, 6-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა.

2025 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის შემოსავალი 453 მილიონამდე გაიზარდა

2025 წლის პირველ კვარტალ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის შემოსავლები, ანუ კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია წინა წელთან შედარებით 55 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით გაიზარდა და 453 მილიონ ლარს მიაღწია - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.

მონაცემების მიხედვით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 76 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნული ასახავს კომპანიების მიერ მიღებულ შემოსავლებს (პრემიას) და ანაზღაურებულ ხარჯებს (ზარალებს) შორის სხვაობას. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 69 მილიონ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება წმინდა მოგებას, ის 26 მილიონი ლარის ტოლი იყო, შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება 25 მილიონ ლარს შეადგენდა.

თბილისს მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველები სტუმრობენ

ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე" გაიმართა, რომელსაც 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. მათ შორის ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები. კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა.

"ობიექტური მიზეზებია" - რატომ არ გაფორმდა ამ დრომდე ჩინურ კონსორციუმთან ანაკლიის პორტზე საინვესტიციო შეთანხმება

მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ. პორტის განვითარების პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია და მის ფარგლებში 600,000 კონტეინერის წლიური გამტარობის მქონე პორტი და საკონტეინერო ტერმინალი უნდა აშენდეს.

მიმდინარე წლის 27 მაისს ირაკლი კობახიძემ BMG-ის განუცხადა, რომ არსებობს "ობიექტური მიზეზები", რის გამოც ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ობიექტური გარემოებები აფერხებენ მოლაპარაკებების პროცესს.

"ზედაზენის" 60% ისრაელის Tempo Beverages-მა შეიძინა

ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ჰოლდინგმა Tempo Beverages-მა "ზედაზენის" 60%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება 57 მილიონ დოლარს შეადგენს.

Tempo Beverages-სა და "ზედაზენის" მფლობელს, "დეილი ჯგუფს" შორის გარიგების თაობაზე პირველად ცნობილი აპრილის დასაწყისში გახდა, დღეს კი გაირკვა რომ გარიგება უკვე შედგა და Tempo Beverages-ი უკვე "ზედაზენის" 60%-ის მფლობელია.

Tempo Beverages Ltd. (ტემპო ჯგუფი) ლუდისა და სასმელების მწარმოებელი და სადისტრიბუციო წამყვანი კომპანიაა, რომელიც 1954 წლიდან საქმიანობს ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის სტრატეგიულ პარტნიორთა შორისაა ლუდის ინდუსტრიის გლობალური ლიდერი – Heineken, რომელიც, თავის მხრივ, „ტემპო ჯგუფის“ 40%-იან წილს ფლობს.

აპრილში სებ-მა Bmatch პლატფორმით 266 მილიონი დოლარი შეიძინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, სებ-მა აპრილში Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების შედეგად 266.4 მილიონი აშშ დოლარის წმინდა შესყიდვა განახორციელა. შედეგად, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 4.52 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. შესაბამისად, როცა ბაზარზე შესაბამისი შესაძლებლობა არსებობს, სებ-ი რეზერვების შევსების პოლიტიკას აქტიურად იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები