მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა

fitch-ratings

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში Fitch-მა პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა.

პერსპექტივის გადახედვის ძირითად ფაქტორებს შორის დასახელებულია მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი.

უფრო დეტალურად, სარეიტინგო სააგენტო შემდეგ ფაქტორებს გამოყოფს:

მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი:

Fitch-ის აზრით, პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია და დასავლური ქვეყნების უმეტესობა ჯერჯერობით უარს აცხადებენ შედეგების ოფიციალურად აღიარებაზე, ოპოზიციამ პირობა დადო, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს პარლამენტს. ასევე, საკამათოა საპრეზიდენტო არჩევნების სისტემაში ცვლილებები (რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება), მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობს თანამდებობის დატოვებაზე.

Fitch-ის აზრით, პოლიტიკური რისკები, სავარაუდოდ, დარჩება ძალიან მაღალი, რაც გამოიხატება ფართო პროტესტითა და სამართლებრივი გამოწვევებით. გაჭიანურებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება შეარყიოს ინსტიტუციური ჩარჩო და გავლენა მოახდინოს ინვესტორებისა და შიდა ნდობაზე, მოახდინოს ზეწოლა გარე ლიკვიდობასა და გაცვლით კურსზე. საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტებასთან ერთად, ეს, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მმართველობის მაჩვენებლებზე.

ურთიერთობა გარე მხარეებთან:

არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის გადადება მინიმუმ 2028 წლამდე, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა პროტესტი, იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის დაახლოებით 85% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და მთავრობა კონსტიტუციურადაა ვალდებული, ამ გზას მიჰყვეს.

ესკალაციის შემთხვევაში, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ან მრავალმხრივი დაფინანსების შემოდინების შემცირებას.

რისკები პოლიტიკის ჩარჩოსთვის:

პოლიტიკურმა დაძაბულობამ ასევე შეიძლება შეაფერხოს ან გაართულოს ისეთი რეფორმები, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობის გაძლიერება კანონმდებლობის მეშვეობით ან სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. Fitch არ ელის, რომ IMF-ის პროგრამა აღდგება, რაც შეასუსტებს საქართველოს მცირე, ღია და დოლარიზებული ეკონომიკის შესაძლებლობებს გარე შოკებზე ეფექტიანად რეაგირებისთვის.

საერთაშორისო რეზერვების სუსტი დაფარვა:

საერთაშორისო რეზერვები ოქტომბერში თვის ჭრილში 13%-ით ($627,5 მლნ) დაეცა 4,1 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ექვივალენტურია მხოლოდ 2.1 თვის მიმდინარე ანგარიშის გადახდების და ყველაზე დაბალი დონეა 2021 წლის პირველი კვარტალის შემდეგ. დიდი ვარდნა განპირობებული იყო სებ-ის მიერ 591 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენციებით წინასაარჩევნოდ, სავარაუდოდ, ლარის კურსის დიდ ცვალებადობის ასაცილებლად და ასევე, კორპორაციებისგან სავალუტო ფორვარდების შეძენის გამო. რეზერვები ნოემბრის ბოლოსთვის უმნიშვნელოდ გაიზარდა 4,12 მილიარდ აშშ დოლარამდე.

პოლიტიკის პასუხი:

მას შემდეგ სებ-მა დაადასტურა თავისი ერთგულება მცურავი გაცვლითი კურსისადმი და პირობა დადო, რომ დააგროვებს სავალუტო რეზერვებს - სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ნოემბერში მან 124,5 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, მაგრამ Fitch-ის აზრით, მომავალი გაყიდვები არ არის გამორიცხული. დეკემბრის შუა რიცხვებიდან, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს 5 პროცენტული პუნქტით გაზრდის, რაც სავარაუდოდ გაზრდის სავალუტო რეზერვებს. Fitch ელოდება, რომ საერთაშორისო რეზერვები დარჩება უცვლელი 2025-26 წლების განმავლობაში და საკმარისი იქნება დაახლოებით 2.3 თვის მიმდინარე ანგარიშის გადახდების დასაფარად, მიმდინარე ანგარიშის მუდმივი დიდი დეფიციტის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო სუსტი პერსპექტივის გათვალისწინებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები