საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, სავალუტო დაკრედიტების მინიმალური ზღვრის 750,000 ლარამდე გაზრდა მომხმარებლებისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება, ვიდრე ლარიზაციასთან დაკავშირებით წარსულში მიღებული ნაბიჯები, რომლითაც სავალუტო დაკრედიტების ზღვარი ჯერ 400,000 ლარამდე, შემდეგ კი 500,000 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ძნელაძემ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.
"პირველი ნაბიჯები ლარიზაციის კუთხით ბევრად უფრო მტკივნეული იყო ვიდრე ეს უკანასკნელი ნაბიჯები და ესეც მინდა რომ უფრო ზუსტად ავუხსნა საზოგადოებას რას ნიშნავს - ანუ პირველი გადაწყვეტილებები, პირველი ბიჯები მოთხოვნები ლარიზაციის კუთხით როდესაც მზარდი იყო, უფრო მეტ მომხმარებელს ეხებოდა, ვიდრე ეს შეეხება დღეის მდგომარეობით მაგალითად 500 000 ლარამდე ამ ზღვრის აწევის კუთხით.
ეს არის მომხმარებლების დაცვის კუთხითაც იმიტომ, რომ თუ თქვენი შემოსავალი არის ლარში, თქვენ არ უნდა ატარებდეთ სავალუტო რისკს. აქ შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა ნახევარ მილიონ ლარიან სესხზე და 750 000 ლარის სესხი თუ გაქვთ, რამდენად გათვითცნობიერებული მსესხებელი ხართ და რამდენად აკონტროლებთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კი აბსოლუტურად დაზღვეული აქვს მომხმარებელს სრულად ეს რისკები, მაგრამ აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს კითხვები შესაძლებელია მეც გამიჩნდეს. ეს კომპონენტიც არსებობს - თუ შემოსავალი არსებობს ლარში უმჯობესია სესხი ამავე ვალუტაში გქონდეს, დამატებითი რისკები რომ არ ატარო", - აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე.
საქართველოში სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 750,000 ლარამდე 1 აგვისტოდან გაიზრდება. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.
2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.2 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 56.75% მოდის, აპრილში ლარიზაცია დამატებით 0.14 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი კრედიტების ლარიზაცია 1.50 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
მზარდია ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 78% ეროვნულ ვალუტაში გაიცა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ახალი იპოთეკური სესხების ლარიზაცია 76.8%-ს შეადგენდა.
მაისის თვის დაკრედიტების შედეგები და ლარიზაციის მაჩვენებლები ცნობილი 25 ივნისს გახდება.




























