საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივლისის ბოლოს საქართველოში მოქმედი ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, ბანკთაშორისი სესხების გამოკლებით, 75.61 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა თვის ბოლოს არსებულ მოცულობას 185.57 მილიონი ლარით, ანუ 0.25%-ით აღემატება. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ზრდამ 0.45% შეადგინა. ამასთან, სესხების წლიური ზრდა, ასევე გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.66% იყო.
ეროვნული ბანკის თანახმად, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 352.03 მილიონი ლარით, ანუ 0.80%-ით გაიზარდა.
ამავე პერიოდში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.46 მილიონი ლარით, ანუ 0.53%-ით შემცირდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის კლება 0.04% იყო.
ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წყარო ივლისში შინამეურნეობების დაკრედიტება იყო.
ეროვნული ბანკის ცნობით, რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა ივლისის განმავლობაში 515 მილიონი ლარით, ანუ 1.28%-ით გაიზარდა და თვის ბოლოს 40.63 მილიარდი ლარი შეადგინა.
„2026 წლის ივლისის განმავლობაში 1.28%-ით, ანუ 515.00 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 40.63 მილიარდი ლარი შეადგინა“, - წერს ეროვნული ბანკი.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ივლისის ბოლოს მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.70% შეადგინა.
ეს მაჩვენებელი წინა თვის ბოლოსთან შედარებით 0.32 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ლარიზაციის კოეფიციენტის ზრდამ 0.20 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„2026 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.70% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით)“, - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.




























