კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში საბანკო დაკრედიტება 1.69 მილიარდი ლარით, 78.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ერთთვიან ჭრილში სესხების ზრდა 2.66% იყო; ხოლო წლიურ ჭრილში საბანკო სესხები 16.91%-ით გაიზარდა.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში დაკრედიტების ზრდის ძირითადი მდგენელი სავალუტო კრედიტები იყო, რომელთა მოცულობაც 892.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ლარის სესხების ზრდამ კი 796 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მცირედით 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი და მან სექტემბრის ბოლოსთვის 58.54% შეადგინა.
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის სექტემბრის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.32 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 22.35 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.60%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.63 %-ით მეტი).
2026 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.77%-ით, ანუ 726.78 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 41.87 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.54% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.51 პროცენტული პუნქტით)", - წერს ეროვნული ბანკი.























