უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი პოზიცია უჭირავს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სექტორის საკრედიტო პორტფელი 5.38 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 27%-იანი ზრდაა.
მთლიანად ბიზნეს სექტორზე გაცემული სესხების მოცულობამ აგვისტოში 44.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი მთლიანად ბიზნესის საკრედიტო პორტფელის ზრდას აღემატება.
დეველოპმენტის შემდეგ, საკრედიტო პორტფელის მოცულობით მეორე ადგილზე უძრავი ქონების მენეჯმენტის სექტორია, რომლის დაკრედიტებაც 4.53 მილიარდ ლარს შეადგენს და წლიურად 26%-ით არის გაზრდილი. სერვისების სექტორის საკრედიტო პორტფელი 4.52 მილიარდი ლარია, ზრდა კი 10%-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორში ბანკების მიერ გაცემული სესხები 3.93 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წლიურად 10%-იანი ზრდაა.
ენერგეტიკის სექტორში საკრედიტო პორტფელი აგვისტოს მდგომარეობით 3.16 მილიარდი ლარია, წლიური ზრდა კი 27%-ს შეადგენს. სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის სექტორის დაკრედიტებამ 2.87 მილიარდი ლარი შეადგინა და 18%-ით მოიმატა.
ამასთან, რამდენიმე სექტორში საკრედიტო პორტფელი წლიურად შემცირდა. სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში დაკრედიტება 20%-ით, 2.64 მილიარდ ლარამდე შემცირდა. ჯანდაცვის სექტორის პორტფელი 26%-ით, 1.04 მილიარდ ლარამდეა შემცირებული, მძიმე მრეწველობის დაკრედიტება კი 12%-ით, 723 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ყველაზე მაღალი ზრდა, გარდა შედარებით მცირე მოცულობის სექტორებისა, „სხვა“ კატეგორიაში დაფიქსირდა, სადაც საკრედიტო პორტფელი წლიურად 70%-ით გაიზარდა და 729 მილიონ ლარს მიაღწია. ფარმაცევტიკის სექტორში ზრდა 35%-ს შეადგენს, პორტფელი კი 269 მილიონი ლარია.
| სექტორი | საკრედიტო პორტფელი 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით - მლნ ლარი | ზრდა კლება % |
| უძრავი ქონების დეველოპმენტი | 5,381 | 27% |
| უძრავი ქონების მენეჯმენტი | 4,526 | 26% |
| სერვისი | 4,522 | 10% |
| სოფლის მეურნეობის სექტორი | 3,925 | 10% |
| ენერგეტიკა | 3,158 | 27% |
| სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2,872 | 18% |
| სასტუმროები და ტურიზმი | 2,636 | -20% |
| სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2,118 | -2% |
| ვაჭრობა (სხვა) | 2,086 | -6% |
| სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1,881 | 3% |
| საფინანსო ინსტიტუტები | 1,405 | 6% |
| სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 1,209 | 7% |
| ჯანდაცვა | 1,044 | -26% |
| ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 973 | 18% |
| რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 971 | 5% |
| წარმოება (სხვა) | 932 | 0% |
| მათ შორის: ექსპორტიორები | 821 | 12% |
| ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 800 | 15% |
| სხვა | 729 | 70% |
| მძიმე მრეწველობა | 723 | -12% |
| ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 616 | -9% |
| ავტომობილების დილერები | 373 | 2% |
| ტელეკომუნიკაცია | 282 | -1% |
| საბითუმო ლომბარდი | 281 | 10% |
| ფარმაცევტიკა | 269 | 35% |
| ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 162 | 29% |
| სახელმწიფო ორგანიზაციები | 43 | 19% |
| სულ ბიზნესი | 44,739 | 9% |
























