საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 500,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2024 წელსაც გაზარდა, როდესაც ის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 100,000 ლარით ზრდას მოიცავს.
"ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ სებ-ი ასევე აქტიურად ადევნებს თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი. იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 60 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 56.73% მოდის, ოქტომბერში ლარიზაცია დამატებით 0.63 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი კრედიტების ლარიზაცია 1.91 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
მზარდია ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში ქვეყანაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 86% ეროვნულ ვალუტაში გაიცა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ახალი იპოთეკური სესხების ლარიზაცია 78%-ს შეადგენდა.