მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავარაუდოდ, რთველის სუბსიდირება მოგვიწევს - ლევან მეხუზლა

629e0a5ac60c5
მარიამ ვარადაშვილი
06.06.22 18:37
3585

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ 2022 წელს მთავრობას, სავარაუდოდ, რთველის სუბსიდირება მოუწევს, თუმცა ამ ეტაპზე დაფინანსების კონკრეტულ სქემაზე ვერ საუბრობს. 

“პირდაპირ გეტყვით, რომ დაფინანსების ზუსტი სქემა ჯერჯერობით შემუშავებული არ გვაქვს და რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ძალიან გვინდა, რომ არ ჩავერიოთ წითელი ყურძნის [საფერავი] კომპონენტშიც, რომლის რეალიზებაც რამდენიმე წელია თავისუფალ ბაზარზე ხდება.

რაოდენობიდან და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, თეთრ ყურძენში [რქაწითელი] ჩარევა მოგვიწევს. [ჩარევა ნიშნავს] მათ შორის სუბსიდიას. მოგეხსენებათ, გარკვეული რაოდენობით არაკონდიცირებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო იბარებდა. ზუსტ სქემებზე ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს”,-უთხრა მეხუზლამ BMG-ის.

2021 წელს საქართველოს მთავრობას რთველის სუბსიდირება რეკორდული, 138,4 მლნ ლარი დაუჯდა. BMG-ის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითიც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი - 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითიც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა.

სუბსიდირების პროგრამით ნაყიდი ყურძნისგან მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებს, რასაც შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის.