მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საწვავი კიდევ გაძვირდება, გაიაფების ერთადერთი გზა აქციზის განაკვეთის შემცირებაა" - სენტა

6050c1bbdeb1a
ელენე გოგბერაშვილი
17.03.21 00:00
1974
საქართველოში საწვავზე ფასი ბოლო პერიოდში თითქმის ყოველ კვირას იზრდება. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება და დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსია. თუ წლის დასაწყისში ბენზინის ფასი 1 ტონაზე 450 დოლარის ფარგლებში იყო, ამ ეტაპზე მისი ღირებულება 200 დოლარით (43%) არის გაზრდილი და 650 დოლარს შეადგენს. 120 დოლარით (27,8%) გაძვირდა დიზელიც.

ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების ზრდას ვერაფერს უპირისპირებენ და ერთადერთი ბერკეტი, რამაც შეიძლება საწვავზე ფასების შემცირება გამოიწვიოს, ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებაა. როგორც ცნობილია 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე 2017 წლიდან გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს დაახლოებით 20 თეთრით აძვირებს.

„3-4 თვის განმავლობაში სადღაც 60-65 თეთრით გაძვირდა ბენზინი და დიზელის საწვავი. სამწუხაროდ ეს ტენდენცია გრძელდება და ფასები მაღლა მიდის. ეს ისეთი თემაა, რომ ჩვენ ვერაფერს დავუპირისპირებთ. არის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, მოხდეს აქციზის შემცირება, თუმცა ამას მეორე ცუდი მხარე აქვს, რომ ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება პრობლემურია ქვეყნისთვის.

დღეს 500 ლარია აქციზი ერთ ტონა ბენზინზე. დაახლოებით 17-20 თეთრია ის განსხვავება, რომელიც იყო ადრინდელსა და დღევანდელს შორის. თუ განაკვეთი შემცირდება 250 ლარით, ეს შეამცირებს მის თვითღირებულებას და საწვავის ფასი შემცირდება 20 თეთრამდე“, - აცხადებს „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე.

მისი თქმით, დღეს ნავთობპროდუქტების საცალო ქსელებში წარმოდგენილი ფასები რამდენიმე დღეში ისევ დაკორექტირდება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდში არსებული გაძვირება ქართულ ბაზარზე ჯერ არ ასახულა.

„რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ არის მოსალოდნელი გაძვირება 5-7 თეთრით“, - აცხადებს ზაალ იაკობიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები