Senta Petroleum-ის დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის თქმით, ლარის გაუფასურების გამო უახლოეს პერიოდში საწვავზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა რამდენ თეთრიანი იქნება მატება ამ დროისთვის ვერ კონკრეტდება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, ღირებულება ბაზარზე არსებულ გლობალურ და ლოკალურ ტენდენციებზე იქნება დამოკიდებული.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში გლობალურად ისეთი პირობები შეიქმნა, რაც საწვავის გაიაფების შესაძლებლობას ქმნიდა. ეს არის საერთაშორისო ბაზარზე ფასების დავარდნა, ამავე დროს მოხდა რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, ანუ შესაძლებლობა გაჩნდა უფრო იაფი საწვავი შემოსულიყო ვიდრე ევროპაშია, მაგრამ სწორედ ამ დროს დაემთხვა ლარის კურსის გაუფასურება, რაც უარყოფითად აისახება ყველაფერზე. კომპანიები, რომლებიც დამოკიდებულები არიან იმპორტზე, საკრედიტო ვალდებულება აქვთ დოლარში, მათი დაფარვა ხდება დიდი ზარალით, ეს პირდაპირ აისახება ყველა კომპანიის მდგომარეობაზე და ბუნებრივია აისახება ფასებზე. ამას საშუალოდ სჭირდება ხოლმე 10-14 დღე.
ძალიან რთულია თქვა რამდენი იქნება ზრდა, რადგან კურსი მუდმივად ცვალებადია. რომელი ფაქტორი რამდენად იმოქმედებს, იმის მიხედვით შეიძლება ყოველდღიურად მოხდეს ცვლილება და სხვადასხვა შედეგი მივიღოთ. თითქმის 10%-ია კურსის გაუფასურება და ეს პირდაპირ მოახდენს ასახვას საწვავის ღირებულებაზე. ამ ფაქტორიდან გამომდინარე საწვავის ღირებულება ლარში 10%-ით გაზრდის ფასს. ეს არის პირდაპირი შედეგი, როდესაც კურსი უარესდება შესაბამისად ეს ასახვას ყველაფერზე ჰპოვებს,“ - განაცხადა იაკობიძემ.