მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ფასზე ზემოქმედება აქციზის საშუალებით შეიძლება - ვასილ ხორავა

617ffe3f93124
ელენე გოგბერაშვილი
01.11.21 23:20
1123
საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ღირებულება ისტორიულ რეკორდებს ხსნის. დღეს ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ზრდის მიმართულებით ფასები 10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა. მიზეზი ამჯერადაც საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ღირებულებაა.

როგორც „ვისოლ პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი bm.ge-სთან ამბობს, მხოლოდ ერთ თვეში პლატცის მიხედვით, ერთი ტონა საწვავის ფასი 100 დოლარით არის გაზრდილი.

“თუ ერთი თვენახევრის პერიოდს ავიღებთ, ჩვენ გვაქვს სტაბილური ლარი, რაც შეეხება არასტაბილურობას, ის ნამდვილად შეიმჩნეოდა ნავთობპროდუქტებზე. ინდექსი ტონაზე 100 დოლარით გაიზარდა. ლიტრებში გადაყვანილი ეს არის 25-30 თეთრამდე ცვლილება ანუ მხოლოდ ამ კომპონენტის გამო 25-თეთრიანი ცვლილება უნდა განხორციელდეს ბაზარზე. ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ გითხრათ, ოქტომბრის მეორე ნახევარში მხოლოდ მცირედი ცვლილება გავაკეთეთ, 10 თეთრის ფარგლებში.

თუ დავაკვირდებით საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდის დინამიკას, ჩვენი რეაქცია ფასების ზრდიდან 3 კვირის შემდეგ იყო“, - აცხადებს ვასილ ხორავა.

ნავთობიმპორტიორები საწვავზე ფასის შემცირების ერთადერთ ბერკეტს აქციზის გადასახადის შემცირებაში ხედავენ, რომელიც მთავრობის 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, გაორმაგდა (ბენზინზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე).

„აქციზის საშუალებით შესაძლებელია ფასზე ზემოქმედება. არის მოდელი, როცა მზარდი ნავთობპროდუქტების ფასის პირობებში აქციზი მცირდება და აქციზი იზრდება მაშინ, როცა იაფდება ნავთობპროდუქტები. ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. ამაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ცალმხრივად ბიზნესი ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ხორავა.

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ფასი მოთხოვნა/მიწოდებას შორის დისბალანსით აიხსნება. ნავთობზე დეფიციტს კი როგორც სპეციალისტები ამბობენ, „ოპეკი +“-ის მიერ ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით წარმოებული პოლიტიკა განაპირობებს. ნავთობის მოთხოვნილების ზრდას თავის მხრივ განსაზღვრავს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასები, რაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აიძულებს ალტერნატიული საწვავის მოხმარებაზე გადავიდნენ.