რუსეთმა, 21 სექტემბრიდან, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ექსპორტის დროებით აკრძალა. ეს გადაწყვეტილებაში ადგილობრივ ბაზარზე საავტომობილო საწვავის დეფიციტითაა განპირობებული, რაც ფასების მატებას იწვევს. ერთი საკითხია რუსეთის მიერ შიდა ბაზრის დასაცავად მიღებული გადაწყვეტილებები და მეორე - რა გავლენას ახდენს ეს აკრძალვები ისეთ ქვეყნებზე როგორიც საქართველოა. მაშინ როდესაც ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობის ჩართულობით ნავთობიმპორტიორები დიდწილად რუსულ საწვავზე გადაეწყვნენ, რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მთავარი მომწოდებელი გახდა. 8 თვის მონაცემებით, საწვავის იმპორტის 68% სწორედ რუსეთზე მოდის. ადგილობრივი საწვავის ბაზარზე ფასების ფორმირების კიდევ ერთ ფაქტორს საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდა წარმოადგენს.
რა გავლენას იქონიებს საქართველოზე საიმპორტო ბაზარზე საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა და გაძვირდება თუ არა საწვავი კიდევ უფრო მეტად - BMG-ის ამ კითხვას „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ უპასუხა.
საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობიმპორტიორი და გასამართი სადგურების ქსელის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთის მიერ საწვავის აკრძალვის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონიათ. ვასილ ხორავა ამბობს, რომ კომპანია კვლავ ევროპული, მაღალი ოქტანობის საწვავის იმპორტს გაზრდის, რადგან „ვისოლი“ აქამდეც გარკვეულწილად ევროპული საწვავის იმპორტს ახორციელებდა.
„რუსეთიდან მოწოდება შეფერხდა და ამიტომ დღეისთვის დაბალოქტანიანი პროდუქტების შევსება პრობლემაა. ჩვენ ევროპული პროდუქტი, ნაწილობრივ, ყოველთვის შემოგვქონდა და ახლა ევროპული ბაზრიდან საწვავის იმპორტი უფრო გაიზრდება.
საქართველოსთვის ისტორიულად საწვავის საიმპორტო ბაზრები ბულგარეთი, რუმინეთი და საბერძნეთი იყვნენ. ახლაც სწორედ ამ სამ ქვეყანას განვიხილავთ, რადგან მაგალითისთვის, საბერძნეთი ყოველთვის ჩვენი სტრატეგიული მომწოდებელი იყო“, - განმარტა ვასილ ხორავამ და დასძინა: „აკრძალვის შესახებ წინასწარი ინფორმაცია და გაფრთხილება არ გვქონია. ეს შეზღუდვა მყისიერად დაწესდა“.
რაც შეეხება საწვავის ფასებს, რომელიც სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა გასამართი სადგურების ქსელში იზრდება, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოლოდინით, საწვავი ღირებულება კიდევ მოიმატებს, რადგან საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
„ნავთობის საერთაშორისო ბირჟებზე ფასის ზრდა აგვისტო-სექტემბრის პერიოდიდან ეტაპობრივად დაიწყო... სექტემბერში მყისიერად მოხდა ზრდა. ბუნებრივია, ამას დროის გარკვეულ მონაკვეთში საწვავის ფასზე ასახვა ექნება და ნაწილობრივ ეს ასახვა უკვე გვაქვს. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ფასები უკვე გაიზარდა და სამწუხაროდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება“, - აცხადებს ვასილ ხორავა.