რუსეთის მთავრობამ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აკრძალა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.
„გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე საწვავის ფასების დასტაბილურების მიზნითაა მიღებული“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეზღუდვა ძალაში დღეიდან შევიდა.
ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეზღუდვა დროებითი ხასიათისაა და შექმნილია ქვეყნის შიგნით საავტომობილო საწვავის მიწოდების გაზრდისთვის, რამაც შესაძლოა, ფასების დამატებითი შემცირება გამოიწვიოს.
20 სექტემბერს ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უფრო რადიკალური ზომების გატარებას გეგმავდა, თუმცა ამ ეტაპზე ბაზარზე ნავთობროდუქტების დეფიციტი არ შეინიშნება და საბითუმო ფასებიც კლების ტენდენციით ხასიათდება.