რუსეთმა გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი აკრძალა - შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა. რუსეთის მთავრობის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივ ბაზარზე საავტომობილო საწვავის დეფიციტით არის განპირობებული, რაც ფასების მატებას იწვევს.
2023 წლის 8 თვეში საქართველომ $716 მილიონი დოლარის ღირებულის 917 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თუკი უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველო საწვავის უდიდეს ნაწილს ევროკავშირის ქვეყნებისგან - რუმინეთისა და ბულგარეთიდან ყიდულობდა, 2022 წლიდან ბაზარი რუსულ ნავთობზე გადაეწყო. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთიდან $435 მილიონი დოლარის ღირებულების 623 ათასი ტონა რუსული ნავთობი შეიძინა. შესაბამისად, მთლიანი იმპორტის 68% რუსულ საწვავზე მოდის.
საიდან ყიდულობს საქართველო საწვავს - ტოპ 5 ქვეყანა 2023 წლის 8 თვეში:
- რუსეთი - 435 მილიონი დოლარი, 622,698 ტონა;
- რუმინეთი - 100 მილიონი დოლარი, 116,833 ტონა;
- აზერბაიჯანი - 44 მილიონი დოლარი, 52,946 ტონა;
- თურქმენეთი - 39 მილიონი დოლარი, 48,893 ტონა;
- თურქეთი - 18 მილიონი დოლარი, 12,054 ტონა.
„გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე საწვავის ფასების დასტაბილურების მიზნითაა მიღებული“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეზღუდვა ძალაში 21 სექტემბრიდან შევიდა.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეზღუდვა დროებითი ხასიათისაა და შექმნილია ქვეყნის შიგნით საავტომობილო საწვავის მიწოდების გაზრდისთვის, რამაც შესაძლოა, ფასების დამატებითი შემცირება გამოიწვიოს.
20 სექტემბერს ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უფრო რადიკალური ზომების გატარებას გეგმავდა, თუმცა ამ ეტაპზე ბაზარზე ნავთობროდუქტების დეფიციტი არ შეინიშნება და საბითუმო ფასებიც კლების ტენდენციით ხასიათდება.