მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავი 5 თეთრით გაიაფდა და შესაძლოა, ფასმა კიდევ დაიკლოს - "ვისოლი"

63bfe5122a178
გიგა ბენია
12.01.23 15:54
752

"საწვავი 5 თეთრით გავაიაფეთ, შეიძლება, იანვრის ბოლოსაც გავაიაფოთ", - ამის შესახებ bm.ge-ს "ვისოლში" განუცხადეს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, შემდეგი 4 კვირის განმავლობაში საწვავის ღირებულება არ გაიზრდება.

"მოკლევადიან პერიოდში ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნება შესაძლებელია, რადგან ლარი გამყარებას განაგრძობს. ამასთან, პლაცის ფასიც იკლებს. რთული სათქმელია რა მოხდება თებერვლის შემდეგ, ეს როგორც კურსზე, ისე იმპორტირებული საქონლის ფასზეცაა დამოკიდებული", - აცხადებს ვასილ ხორავა.

"ვისოლის" გენერალური დირექტორი bm.ge-თან იაფი რუსული საწვავის გავლენაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ქართულ ბაზარზე რუსეთის ფაქტორი ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია.

"ნავთობპროდუქტების იმპორტის კუთხით რუსეთს შარშან დომინანტი პოზიცია ჰქონდა. ბუნებრივია, ეს განპირობებული იყო ფასით, რადგან რუსეთმა ის ნიშა მოიპოვა, რაც ადრე თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებს ჰქონდათ. რუსეთმა იმპორტის წილში რუმინეთისა და ბულგარეთის ნაწილიც მიითვისა. საბოლოოდ, სხვა ქვეყნებიდან იმპორტის შემცირების ფონზე, რუსეთის წილი გაიზარდა და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, წელსაც გაგრძელდება",- აღნიშნავს "ვისოლის" გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, 2022 წლის 11 თვეში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ბოლო 10 წლის პერიოდში რეკორდულ ნიშნულზე იყო და ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

1 219 842 ტონა პროდუქტიდან, ნახევარი - 583 322 ტონა ნავთობროდუქტი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები