მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვასილ ხორავას თქმით, მთავრობის განცხადებამ საწვავის გაიაფება დააჩქარა

6412f7892d855
სალომე ხიდურელი
16.03.23 15:08
906
2022 წლის ზაფხულიდან დღემდე საწვავის ფასები საშუალოდ 1.30-დან 1.50 ლარამდე შემცირდა, თებერვალში კი სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასმა დაახლოებით 30-40 თეთრით დაიკლო. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან დაბალ ფასად შემოტანილი პროდუქციაა, რომელიც გამყარებულ ლართან ერთად ფასის კლების საფუძველი ხდება.

გარდა ამისა, როგორც „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტავს, ნავთობპროდუქტებზე ფასის შემცირებაზე კონკურენტუნარიან გარემოში მთავრობის განცხადებებმაც იქონიეს გავლენა.

„რა თქმა უნდა, მთავრობის განცხადებები ყოველთვის მოქმედებს ფასებზე, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ განცხადებებს ობიექტური საფუძველი აქვთ. და ამ განცხადებას ჰქონდა ობიექტური საფუძველი. იმ ჭკვიანმა ხალხმა, ვინც დათვალა, ნახა, რომ დროის რაღაც მონაკვეთში ფასების კლება ისედაც გარდაუვალი იყო, უბრალოდ, სამთავრობო განცხადება იყო ამ ყველაფრის ტრიგერი და დამაჩქარებელი ვადებსა და ციფრებში გამოხატული, რომელმაც ფასის შემცირების ის ტრენდი დააჩქარა, რომელსაც ბაზარი კონკურენციის პირობებში ისედაც განახორციელებდა“, - ამბობს ვასილ ხორავა.

მისი თქმით, კონკურენტულ პირობებში კომპანიებისათვის ბაზრის ტრენდზე აყოლა, სანამ ამის საშუალებას პროდუქტის თვითღირებულება გაძლევს, ძალიან მნიშვნელოვანია.

„კონკურენტუნარიან ბაზარზე, როდესაც მისი ძირითადი ნაწილი ფასის ახალ ნიშნულზე გადაეწყობა, ვინმეს განცხადება იქნება ამის საფუძველი თუ მსოფლიო დაღმავალი ფასები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გვქონდა დაბალფასიანი მარაგები განახლებული, ბაზრის ტრენდს უნდა გაყვე, სანამ თვითღირებულება ამის საშუალებას გაძლევს. ასე რომ, თებერვალში მიმდინარე პროცესებში ლომის წილი ამ განცხადებებს ჰქონდა, თუმცა ტრენდი იყო დაღმავალი და დროის გარკვეულ მონაკვეთში ეს ცვილელები მოხდებოდა“, - აცხადებს ხორავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები