მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას აგრძელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, დასავლეთის მასშტაბით ბარელი ნავთობის ფასი 71$-იდან 77$-მდე ღირს. რუსული ურალსის ფასი კი 60 დოლარია.
გლობალური ტენდენციები მცირედით აისახა ქართულ ბაზარზე. წლის პირველ კვირაში ე.წ. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი 3-5 თეთრით შემცირდა.
კომპანია „ვისოლში“ აცხადებენ, რომ სტაბილური ლარის და მსოფლიო ბაზარზე ამჟამად არსებული ფასების შენარჩუნების პირობებში საწვავის ღირებულება მოკლევადიან პერიოდში კიდევ შემცირდება. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტავს, რომ ბოლო თვეებში გლობალურად ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, ფასები პლატცზე, სადაც ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა ხდება, ასეთივე ნიშნულით არ შემცირებულა.
„ისტორიულად წლის ბოლოს და წლის დასაწყისში ნავთობის ფასები შედარებით მცირდება ხოლმე. ჩვენმა კომპანიამ წლის დასაწყისში ერთი ცვლილება შემცირებისკენ გააკეთა და ბუნებრივია მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ცვლილება სტაბილური ლარის და შემცირებული ნავთობის ფასის პირობებში გაგრძელდება. მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ასევე შემცირებას უნდა ველოდოთ, რომელიც ყველა ტიპის საწვავს როგორც ბენზინს, ისე დიზელს შეეხება.
როცა ფასის კლებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ პლატცის ფასი. შეიძლება ნავთობპროდუქტებზე უფრო მეტი იყო ფასის კლება, მაგრამ პლატცს თუ ავიღებთ ნოემბრის, დეკემბრის და იანვრის პირველი დეკადის მონაცემებით, ფაქტობრივად ფასი შემცირდა 850$-იდან 800$-მდე. ქარხნის მიერ გადამუშავებულ პროდუქტზე ასეთი პირდაპირი ასახვა ფასს არ აქვს. ეს საჯარო ინფორმაციაა, ყველას შეუძლია ნახოს.
დღეისთვის პრობლემაა ლოგისტიკა, პრობლემაა ქარხნების გადამუშავება, გეოგრაფია შეიცვალა და თუ ადრე ნავთობის ფასის ცვლილება ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე მეტად მოქმედებდა, დღეს ქარხნებიდან წამოღებულ პროდუქტზე ეს ასე არ აისახება, იმიტომ რომ ზრდის მოლოდინები არის“, - განმარტავს ხორავა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს ქვეყანაში, გრძელვადიან პერიოდში საწვავის ფასის პროგნოზებზე საუბარი რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით უჭირს, თუმცა განმარტავს: "გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბარი რთულია, რადგანაც გაურკვეველია წელიწადი როგორი იქნება ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობისა და კონფლიქტების ფონზე. მოლოდინები შემცირებისკენ ალბათ ნაკლები იქნება, რადგან თუ ავიღებთ 2 წლის პერიოდში ნავთობზე მოქმედებას, ვნახავთ, რომ რუსული ნავთობის დაბალი ფასის ფაქტორი ამოწურულია. მოხმარების ზრდიდან, დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე რუსული საწვავი დაბალი ფასით ვეღარ შემოდის. თუ ადრე ევროპულსა და რუსულს შორის სხვაობა 200$-250$-ის ფარგლებში იყო, დღეს იგივე შემცირებულია 50$-იდან 100$-მდე".
რაც შეეხება ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობპროდუქტების წილს, „ვისოლში“ ამბობენ, რომ 2023 წელს ქვეყანაში ჯამურად 2/3 რუსული ნავთობი შემოვიდა.
„2023 წლის ბოლო სტატისტიკა რაც მაქვს, რუსული ნავთობპროდუქტების წილი მთლიან ნავთობპროდუქტებში 2/3-ია. ჩვენი კომპანიაში რუსული საწვავის წილი მინიმუმამდე დავიყვანეთ. გამოვიყენეთ ის პროდუქტები, რომლებსაც რეალურად კონკურენტული უპირატესობა ჰქონდა და ეს იყო დიზელი. ათეულობით მილიონი დოლარის დაზოგვა მოხერხდა როგორც მომხმარებლის, ისე კომპანიის საბრუნავი სახსრების მიმართულებით“, - განაცხადა BMG-თან საუბრისას ვასილ ხორავამ.