მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველმა უჩა მამაცაშვილისა და ანტიკორუფციული მოძრაობის დავაზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება მოამზადა

62dfb1e5061d1
BM.GE
26.07.22 13:38
578
საქმეზე უჩა მამაცაშვილი "ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ" საქართველოს სახალხო დამცველმა "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით საკუთარი მოსაზრება მოამზადა, რომელიც ივლისის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავას წარედგინა. საქმე "ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხება, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ნათესავი დავობს და მოძრაობის წევრთა მხრიდან გაკეთებული განცხადებების კომპენსაციისთვის 150,000 ლარს ითხოვს. 

გთავაზობთ "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებას საქმესთან დაკავშირებით. BMG-იმ აღნიშნული დოკუმენტი ანტიკორუფციული მოძრაობისგან მიიღო:

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება:

მოგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით არსებულ მდგომარეობას და უფლებადამცველთა წინაშე არსებულ გამოწვევებს.

აპარატისთვის ცნობილი გახდა უჩა მამაცაშვილს და ა(ა)იპ „ანტიკორუფციულ მოძრაობას“, ისევე, როგორც მის წევრებს შორის არსებული სასამართლო დავის შესახებ. აღნიშნული დავის ფარგლებში, მოთხოვნილია ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებების ცილისმწამებლურად აღიარება, მათი უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ეროვნულ დონეზე უფლებადამცველთა მხრიდან მათთვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობასა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაზე, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრების წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლოს მეგობრის ფუნქციის შესრულება საშუალებას აძლევს სახალხო დამცველს, სასამართლოს მიაწოდოს ადამიანის უფლებებთან უშუალოდ დაკავშირებული ფაქტობრივი და ნორმატიული სახის ინფორმაცია, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის პროცესში. სახალხო დამცველი მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საერთო სასამართლოებს კარგი პრაქტიკა აქვთ განვითარებული ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, რაც, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეყრდნობა და რომელიც აქტიურად არის ციტირებული მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ შესაგებელში. შესაბამისად, წინამდებარე მომართვაში ყურადღება არ გამახვილდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ინტერპრეტირების სტანდარტზე და სადავო გამონათქვამების/დასკვნების ცილისწამებად დაკვალიფიცირებისთვის დადგენილ მოთხოვნებზე, არამედ განხილული იქნება უფლებადამცველთა წინაშე არსებული გამოწვევები და სტანდარტები, რომლებიც მათი მხრიდან საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფენ.

1. ფაქტობრივი გარემოებები

უჩა მამაცაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, რომ იგი მოითხოვს ა(ა)იპ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე 2022 წლის 21 იანვარს, 30 იანვარს, 31 იანვარს, 10 თებერვალს და 18 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუებში/სიუჟეტებში, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული სხვადასხვა განცხადების ცილისმწამებლურად ცნობას. სადავო განცხადებებში საუბარია ე.წ. „ქოლ ცენტრების“ და ელექტროენერგიის იმპორტიორი შუამავალი კომპანიების საქმიანობასთან მოსარჩელის კავშირების და კორუფციული სქემების თაობაზე. კერძოდ, სადავო ფრაზებია:

1. ვასო ურუშაძის მიერ გაჟღერებული განცხადება: „ეს არის ადამიანი, კორუფციის სიმბოლო - საქართველოში, შეიძლება ითქვას, ეს არის უჩა მამაცაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს და მფარველობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულს, ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული და ყველას გვაქვს ინფორმაცია ე.წ. „ქოლ ცენტრების“ შესახებ, საიდანაც ხდება ევროპის მოქალაქეებზე კიბერთავდასხმა.”

2. ვასო ურუშაძის მიერ გაჟღერებული განცხადება: „ამ ქოლ ცენტრების უკან დგანან კონკრეტული პირები, რომელთაც აქვთ კონკრეტული სახელები და გვარები. ეს არის უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილის დეიდაშვილი, რომელიც კურირებს მთლიანად ამ ბიზნესს საქართველოში, თუ ამას შეიძლება ბიზნესი დავარქვათ.”

3. ვასო ურუშაძის მიერ გაჟღერებული განცხადება: „გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, არსებობენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც ასრულებენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ როლს, ეს არის უჩა მამაცაშვილისთვის დამატებითი თანხების აკუმულირება, რაც თავისთავად აძვირებს თვითღირებულებას ელექტროენერგიის და ეს არის მთავარი წყარო საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდის.”

4. ლაშა ფარულავას მიერ გაჟღერებული განცხადება: „ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში არსებობენ არაფორმალური მმართველები, როგორიც არის ბატონი ფარცხალაძე, ბატონი უჩა მამაცაშვილი, რომლის კომპანიები და კონკრეტულად ის შუამავალი კომპანიები, რომლებიც იმპორტიდან სარგებლობენ და მიაქვთ ე.წ. „შავი ფული“ და „ამაში ჩართულია სემეკის თავმჯდომარე ბატონი ნარმანია და ეს არის დიდი ერთობლივი, ორკესტრირებული კორუფციული სქემა, რომელსაც ხელმძღვანელობს ივანიშვილის რეჟიმი.”

5. ვასო ურუშაძის მიერ გაჟღერებული განცხადება: „დღეს ჩვენ მოვედით ასევე ესკოსთან, ენერგეტიკული ბაზრის მმართველ კომპანიასთან, რომელიც უშუალოდ აფორმებს ამ ხელშეკრულებებს უჩა მამაცაშვილის ე.წ. „შუამავალ კომპანიებთან“ და „ამ შემთხვევაში ხდება ფასნამატის გაკეთება შუამავალი კომპანიების მეშვეობით, სადაც სახელმწიფოს და მოქალაქეების ხარჯზე მილიონობით ლარს აკეთებს უჩა მამაცაშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც არის დაკავებული კრიმინალური და კორუფციული საქმიანობით ამ ქვეყანაში.”

6. ვასო ურუშაძის მიერ გაჟღერებული განცხადება: „გამორჩეულად ქოლ ცენტრები, რომელთაც ფლობენ უჩა მამაცაშვილი და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბიზნესის ფრთა, რომლებიც პირადად აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას არაფორმალურ ნაწილში ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა ე.წ. „ქუჩის დაფინანსება“, ისინი რჩება, განსაკუთრებული ზომების დაცვით, მათი ოფისები იქნება განთავსებული თაუერების ბოლო სართულებზე, სადაც შესვლა ფაქტიურად შეუძლებელია“.

7. ვასო ურუშაძის მიერ გაჟღერებული განცხადება: „ეს კამპანია ემსახურება იმ კორუფციული სქემის დამარცხებას, რომელიც არის საქართველოს ელექტროსისტემაში და ის, რომ ჩვენ (მოსახლეობას) ელექტროენერგიის ტარიფები გვიძვირდება, ამას ჰყავს თავისი შემოქმედები და მათ აქვთ სახელები და გვარები, ეს არის არაფორმალური ვერტიკალის ერთ-ერთი მთავარი ბოსი, შეიძლება ითქვას, უჩა მამაცაშვილი, რომელიც თავისი კომპანიებით, თავისი გარემოცვით არის ჩართული კორუფციულ სქემაში, როცა საქართველო ახდენს ელექტროენერგიის შეძენას იმპორტზე, ეს არის რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი“.

ამავდროულად, სარჩელით მოთხოვნილია თითოეული მოპასუხისთვის ა(ა)იპ „ანტიკორუფციული მოძრაობისთვის“, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავასთვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის დაკისრება მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.

მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელესთან დაკავშირებული სადავო განცხადებები იყო შეფასებითი ხასიათის და წარმოადგენდა დასკვნებს, რასაც ისინი აყრდნობდნენ საჯარო წყაროებით უკვე გავრცელებულ ინფორმაციას, საგამოძიებო უწყებების არასათანადო რეაგირებას და საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვის ფაქტებს.

2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მომართვის უფლებამოსილება

"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით.

ამავე კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, შემოწმების შედეგების მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად არ ისახავს რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერას და მხოლოდ ახდენს შესაბამისი ფაქტებისა და ადამიანის უფლებათა სამართლის რელევანტური სტანდარტების იდენტიფიცირებას, რაც სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.

3. სამართლებრივი დასაბუთება

3.1 უფლებადამცველთა წინაშე არსებული გამოწვევები

უფლებადამცველების საქმიანობას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, დემოკრატიის ხარისხის, კანონის უზენაესობისა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიმართულებით. მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მდგრადი განვითარების დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, რაც, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევების დაძლევას ემსახურება.

მიუხედავად უფლებადამცველებისა და მათი საქმიანობის დასაცავად საერთაშორისო დონეზე შექმნილი არაერთი გარანტიისა, მსოფლიოს მასშტაბით, კვლავ ხშირია მათ მიმართ თავდასხმისა და სხვაგვარი დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების, მათი სტიგმატიზაციისა თუ ცენზურის ქვეშ მოქცევის შემთხვევები. ხშირია აგრეთვე უფლებადამცველებისთვის მათი საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობის მქონე უფლებების (მაგალითად, გამოხატვის თავისუფლების) დარღვევის ფაქტები.

ეროვნულ დონეზე, უფლებადამცველთა წინაშე დაფიქსირებულ გამოწვევებს საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლებში - განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას, 2018 წლიდან, საპარლამენტო
ანგარიშის დამოუკიდებელი თავით აფასებს. ხსენებულ პერიოდში, აპარატის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა უფლებადამცველთა მიმართ თავდასხმების არაერთი სამწუხარო ტენდენცია გამოკვეთა.

მათ შორის, განსაკუთრებით შემაშფოთებელ პრაქტიკას წარმოადგენს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე (როგორიცაა, მაგალითად, კორუფციის პრევენცია, ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის და არჩევნების მონიტორინგი) მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების გაჟღერება. წარსულში, სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა მსგავს ფაქტებს და შეაფასა მიუღებელი ტენდენციად, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო დონეზე უფლებადამცველთა დაცვის უზრუნველსაყოფად შექმნილ გარანტიებს და არსებული მტრული გარემოს ფონზე, კიდევ უფრო ახალისებს მათ მიმართ ძალადობას.

ვითარებას ართულებს აგრეთვე უფლებადამცველთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლე და რიგ შემთხვევებში, მათთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოვლენილი არასათანადო რეაგირება. ამ
თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი გარემო შეიქმნა მედიის წარმომადგენლების, როგორც უფლებადამცველთა ერთ-ერთი ჯგუფის მიმართ, რაც მკაფიოდ წარმოაჩინა 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა. თავის მხრივ, აღნიშნული თარიღი იყო კარგი ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანაში ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან შეკრების თავისუფლების რეალიზების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, დღეისთვის, ეროვნულ დონეზე უფლებადამცველთა დაცულობის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ კანონმდებლობა არ განმარტავს
უფლებადამცველთა ცნებას, რაც არაერთ პრობლემას ქმნის არა მხოლოდ მათ მიმართ, განხორციელებული საქმიანობის გამო, ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირებისა და აღრიცხვის, არამედ სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-გატარების მიმართულებით.

უფლებადამცველთა დაცვის სფეროში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა 2020 წელს წარადგინა „ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელო“, რომელიც განმარტებით-მეთოდოლოგიური ხასიათის დოკუმენტია. მასში განმარტებულია უფლებადამცველთა ცნების საერთაშორისო სტანდარტი, მათი საქმიანობის არსი და ამ მიმართულებით, სახელმწიფოსთვის დაკისრებული ვალდებულებები, გამოკვეთილია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი და ფუნქციები, ასევე, ის ღონისძიებები, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ატარებს უფლებადამცველთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით.

3.1.1. სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ (ე.წ. SLAPPS-Strategic Lawsuits against Public Participation)

მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტისა, ბოლო პერიოდში, ევროპაში, საგრძნობლად გაიზარდა მდიდარი და გავლენიანი პირების მხრიდან ერთი შეხედვით ლეგიტიმური, თუმცა გადაჭარბებული ან/და უსაფუძვლო
სარჩელების წარდგენის ტენდენცია, რომლებიც კრიტიკის ცენზურის ქვეშ მოქცევას და მის ჩახშობას ემსახურება.

მსგავსი პრაქტიკა ცნობილია, როგორც სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ (ე.წ. SLAPPs Strategic Lawsuits against Public Participation) და ძირითადად, მიმართულია უფრო სუსტი მხარის ჟურნალისტების და სხვა უფლებადამცველების, შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციის (ე.წ. “watchdog” ფუნქცია) განმახორციელებლებისკენ, რომლებიც ღიად აფიქსირებენ კრიტიკულ პოზიციებს პოლიტიკურ და სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ამდენად, ავტორების მიერ ასეთი საქმეების ინიცირება ხდება განზრახ, იმ მოტივით, რომ დააშინონ, გადაღალონ, ასევე ფინანსური და ფსიქოლოგიური რესურსი გამოაცალონ მათს სამიზნეებს და არა იმისთვის, რომ აღიდგინონ უფლება კონკრეტული დარღვევის შედეგად; მათი საბოლოო მიზანია უფლებადამცველთა გაჩუმება და პოტენციური მაკრიტიკებლებისთვის მსუსხავი ეფექტის შექმნა.

ამგვარი სამართალწარმოება უმეტესწილად შენიღბულია ცილისწამებასთან დაკავშირებული მოთხოვნებით და აერთიანებთ რამდენიმე ნიშანი: პირველ რიგში, ისინი ატარებენ გადაჭარბებულ ხასიათს და მიზნად ისახავენ არა საქმის მოგებას, არამედ მოპასუხის დროის და ენერგიის გადატანას სხვა საკითხზე, რაც არის ლეგიტიმური კრიტიკის ჩახშობისთვის გამოყენებული ტაქტიკა; მოსარჩელეები უფრო მეტად დაინტერესებულები არიან წარმოების პროცესით, ვიდრე მის შედეგით; ხშირ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გაზვიადებულია; ამავდროულად, ამ საქმეებისთვის დამახასიათებელია მხარეებს შორის უთანასწორობა, რაც გამოიხატება ძალაუფლებრივი ბალანსის ნაკლებობაში - კერძო კომპანიები ან გავლენიანი პირები სწორედ ფინანსური ძალის გათვალისწინებით იღებენ მიზანში ინდივიდებს იმ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებისთვისაც ისინი მუშაობენ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და უფლებადაცვით საქმიანობას. ამის გამო, საერთაშორისო დონეზე, მსგავსი მიუღებელი პრაქტიკის პრევენცია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა.

მათ შორის, ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ არაერთი დოკუმენტი პირდაპირ ეხმიანება საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების პრობლემას. ამასთან, მოცემული ეტაპისთვის, შექმნილია ექსპერტთა კომიტეტი საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოებაზე, რომლის მიზანია წარადგინოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის სამუშაო ვერსია 2023 წლის ბოლომდე. საგულისხმოა ადამიანის უფლებათა კომისრის მითითებაც, რომლის თანახმად, განსახილველი გამოწვევის საპასუხოდ, საჭიროა სამ-საფეხურიანი მიდგომის გატარება: სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ადრეულ ეტაპზე; მოსარჩელის მხრიდან უფლების გადაჭარბების შემთხვევებში შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებების დაწესება; და სამართალწარმოების შედეგების მინიმუმამდე დაყვანა მოპასუხისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევით.

საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების პრობლემა უკვე ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაშიც. კერძოდ, 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაში საქმეზე OOO_Memov. Russia, სასამართლომ მითითება გააკეთა ხსენებულ ოცნებაზე, მხედველობაში მიიღო საზოგადოების მონაწილეობის შეზღუდვისკენ მიმართული რისკები სამართალწარმოების დემოკრატიისთვის, ისევე, როგორც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ძალაუფლებრივი დისბალანსი და მნიშვნელოვნად მიიჩნია, შეეფასებინა, ემსახურებოდა თუ არა ლეგიტიმურ მიზანს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მედია კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამების საქმე. ამასთან, სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ არაგონივრულად მაღალ სანქციებს ცილისწამების საქმეებში შესწევთ უნარი, იქონიონ მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებაზე.

განსახილველი პრობლემის პრევენცია აქტუალურია აგრეთვე - ევროკავშირისთვის, რომლის ფარგლებშიც უკვე წარდგენილია ინიციატივა – საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიულ სამართალწარმოებაში უფლებადამცველებისა ჟურნალისტების დასაცავად. ნიშანდობლივია, რომ მსგავსი სამართალწარმოების მიუღებელი პრაქტიკასთან ბრძოლა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მქონე ქვეყნისთვის, რომლის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთ პირობას სწორედ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება წარმოადგენს.

ეროვნული კონტექსტისთვის ასევე განსაკუთრებით საგულისხმოა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 2021 წლის ანგარიში ცალკეულ ქვეყნებში უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში, მათ შორის, საქართველოში არსებული ვითარების შეფასების შედეგად, გამოკვეთილია ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც წევრ სახელმწიფოებში უფლებადამცველთა დაცვას გააძლიერებს. სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი სახელმწიფოებს მოუწოდებს, ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოწესრიგება მხოლოდ მკაცრად აუცილებელ შემთხვევებში გამოიყენონ და თავიდან აირიდონ შესაბამისი სანქციების შეფარდება უფლებადაცვითი საქმიანობის სადამსჯელო ზომად, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული გამოყენებული სანქციის ოდენობასთან და მის პროპორციულობასთან.

3.2. წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო გავლენა ა(ა)იპ „ანტიკორუფციულ მოძრაობის“, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის საქმიანობაზე

საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, უფლებადამცველს წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანი, პროფესიული თუ სხვაგვარი სტატუსის მიუხედავად, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად, მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებით,
მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის, რეალიზებისა და ხელშეწყობისთვის ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე და აღიარებს ადამიანის უფლებათა უნივერსალურობას განურჩევლად ყველასთვის.

უფლებადამცველთა ყველაზე კლასიკურ მაგალითს ის პირები წარმოადგენენ, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვას და მხარდაჭერას გულისხმობს. ასეთები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულები, რომლებიც უშუალოდ იცავენ ადამიანის უფლებებს, ასევე მუშაობენ დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ისეთ საკითხებზე, რომლებიც, საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე აისახება.

„ანტიკორუფციული მოძრაობა“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზნებს შორისაა კორუფციასთან ბრძოლა, ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების დაცვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, ორგანიზაცია და მასში დასაქმებული პირები უფლებადამცველთა ცნების ქვეშ ექცევიან, რაც მათ აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლებითა და გარანტიით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

უფლებადამცველების უფლებებს ჩამოთვლის უფლებადამცველების შესახებ გაეროს 1998 წლის დეკლარაცია. მართალია, აღნიშნული დოკუმენტს არ გააჩნია სამართლებრივად მბოჭავი ბუნება, თუმცა, მასში ასახული დებულებები სავალდებულოდ შესასრულებელ საერთაშორისო ინსტრუმენტებს (როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“) ეფუძნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეკლარაცია მიღებულ იქნა ერთხმად, რაც სახელმწიფოების მხრიდან მისი იმპლემენტაციის ძალიან მაღალ მზაობას მოწმობს.

დეკლარაციაში ასახული მოწესრიგების შესაბამისად, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ უფლებამოსილია, გააკრიტიკოს ქვეყანაში არსებული კორუფციული თუ სხვაგვარი კრიმინალური სქემები, მოიძიოს ინფორმაცია მათთან დაკავშირებით და თავისუფლად გაავრცელოს შესაბამისი მიგნებები თუ შეფასებები.

ამდენად, წინამდებარე საქმეში სადავოდ გახდილი განცხადებები, რომლებშიც საუბარია ე.წ. "ქოლ ცენტრების“, აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტიორი შუამავალი კომპანიების საქმიანობასთან მოსარჩელის კავშირების და კორუფციული სქემების თაობაზე, უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მისთვის გაეროს 1998 წლის დეკლარაციით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის ფორმას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ კორუფცია თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე რთულ და კომპლექსურ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ქვეყნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, არამედ ადამიანის უფლებებით სარგებლობასა და მათი დაცვის მდგომარეობაზეც.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მოცემული საქმის განხილვის შედეგად, მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამები - ცილისმწამებლურია და არსებობს "ანტიკორუფციული მოძრაობის“ ან/და მისი წევრების გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვის საფუძველი, იგი ამავდროულად ჩაერევა უფლებადამცველი ორგანიზაციის და მასში დასაქმებული პირების მხრიდან უფლებადამცველების შესახებ გაეროს 1998 წლის დეკლარაციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.

ამ თვალსაზრისით, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ინფორმაცია ქვეყანაში კორუფციის ან ამგვარი რისკების, აგრეთვე მათთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაგირების/ჩართულობის შესახებ, საჯარო ინტერესის სფეროში ექცევა. ზოგადად, საჯარო ინტერესი უკავშირდება საკითხებს, რომლებსაც იმგვარი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე, რომ ლეგიტიმურად აღძრავენ მის ინტერესს, იპყრობენ მის ყურადღებას ან/და ზემოქმედებენ მოსახლეობის ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე. გარდა ამისა, მსგავს საკითხებს განეკუთვნება თემები, რაც წარმოშობს სერიოზულ წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებებს, შეეხება მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს, ან ისეთ პრობლემას, რომლის შესახებაც საზოგადოება ისურვებდა ინფორმირებულობას. კორუფციის არსებობა კი, მასთან ასოცირებული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ბუნებრივად იწვევს საზოგადოების დაინტერესებას.

თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც საზედამხედველო ფუნქციის (ე.წ. „watchdog” ფუნქცია) განმახორციელებელი პირების, საქმიანობის სასიცოცხლო მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც ისინი საჯარო ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და იდეებს ავრცელებენ და ამდენად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამ საკითხებზე ინფორმირებული დებატების წარმართვაში. ამგვარი ფუნქციის განხორციელებისას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია არასამთავრობო ორგანიზაციებს დაცულობის მაღალ ხარისხს ანიჭებს და სახელმწიფოს მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის მეტად მცირე სივრცეს უტოვებს.

სახელმწიფოს უფლებადამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად, განსაკუთრებული სახის ვალდებულებებს უწესებენ გაერო, ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მათ შორის, საყურადღებოა, რომ გაეროს 1998 წლის დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება დეკლარაციაში ასახული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო (“enabling environment”), რომელშიც უფლებადამცველებს ექნებათ დაუცველობისა და დაბრკოლებებისგან თავისუფალი მოქმედების საშუალება. ხსენებული გარემო მოითხოვს არა მხოლოდ უფლებადამცველების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვას, არამედ, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებით სარგებლობისთვის აუცილებელი სხვა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მითითებით, ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში უფლებადამცველთა “გასაჩუმებლად“ გამოიყენება.

წინამდებარე საქმის განხილვის მიზნებისთვის, სახალხო დამცველი აგრეთვე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს კორუფციის ცნების თაობაზე. კერძოდ, მასთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული მიდგომა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტებას ეფუძნება და გულისხმობს „მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით“.

ხსენებული ცნების ფართო და კომპლექსური ბუნების გათვალისწინებით, კორუფციის შემთხვევები ხშირად შეფარულ ხასიათს ატარებს და მისი კონკრეტული ფორმისა თუ მასში ჩართული პირების იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია. თუმცა, როდესაც ამ გარემოებების გამოკვეთა ან/და მისი მტკიცება კონკრეტულ საქმეში შეუძლებელია, აღნიშნული არ გამორიცხავს - შესაძლებლობას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავისუფლად გაავრცელონ მოსაზრებები ცალკეულ შემთხვევებში შესაძლო კორუფციის ნიშნების თაობაზე, რასაც არსებითი გავლენა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე. ამ კუთხით, საყურადღებოა ისიც, რომ ე.წ. „ქოლ ცენტრების“ და ელექტროენერგიის იმპორტიორი შუამავალი კომპანიების საქმიანობასთან მოსარჩელის კავშირების შესახებ, არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოპასუხეთა მხრიდან სადავო განცხადებების გაკეთებამდე, რამაც აღნიშნული საკითხების ირგვლივ საჯარო დისკუსია გამოიწვია.

4. დასკვნა:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის გადაწყვეტის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, სასამართლომ „ანტიკორუფციული მოძრაობა“ განიხილოს, როგორც საზედამხედველო ფუნქციის განმახორციელებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია, ხოლო მისი წევრების მიერ გავრცელებული სადავო გამონათქვამები - მათთვის გაეროს 1998 წლის დეკლარაციით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის ფორმა. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო - მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევის საფუძველი, იმსჯელოს, მიღებულ გადაწყვეტილებას ხომ არ ექნება უარყოფითი გავლენა უფლებადამცველთა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაზე მომავალში, კერძოდ, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული მსუსხავ ეფექტს მათ მიერ საჯარო ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების კუთხით.

პატივისცემით,
ნინო ლომჯარია