მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაცნობობა არ არის დანაშაული" - თურნავა ადასტურებს, რომ ვანო ჩხარტიშვილს და უჩა მამაცაშვილს იცნობს

649466697fd6e
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.23 19:23
1520
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩიეს. სებ-ის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მედიის კითხვაზე აქვს თუ არა მას ურთიერთობა ბიზნესმენებთან - უჩა მამაცაშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან, ნათია თურნავა განმარტავს, რომ მათ იცნობს, თუმცა “საქართველოში ნაცნობობა არ არის დანაშაული.” ნათია თურნავას განმარტებით, ვანო ჩხარტიშვილის ეკონომიკის მინისტრად ყოფნის პერიოდში ის მისი მოადგილე იყო, ხოლო უჩა მამაცაშვილთან ერთად მას საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებლის პოსტი ეკავა.

“არანაირი თანამშრომლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სებ-ის დამოუკიდებლობის პრინციპს, არ განხორციელებულა. ყველა ჩემი გადაწყვეტილება იქნება საჯარო და თქვენ, ისევე როგორც საზოგადოება, შეძლებთ, რომ იმსჯელოთ ვართ თუ არა ჩვენ ობიექტურები, თუ ვართ მიკერძოებულები. მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ მარტო სებ-ის მენეჯმენტში, მთლიანი გუნდი რჩება და ასრულებს თავის მოვალეობებს, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს, ყველანი ვართ გამჭვირვალე.

რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა თანამდებობა და წავიდა პოლიტიკიდან, მე პირადად მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. რაც შეეხება ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, ბატონ უჩა მამაცაშვილს, რასაკვირველია, მე მათ ვიცნობ და ერთ-ერთი მათგანი ჩემი ყოფილი მინისტრი იყო, ბატონ უჩა მამაცაშვილთან საპარტნიორო ფონდში ვიყავით მენეჯმენტში და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ნაცნობობა არ არის დანაშაული,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბიოგრაფია:

2022 წლის ივნისიდან - 2029 წლის ივნისამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
2019-2022 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2018-2019 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
2013-2018 წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
2006-2013 წწ. შპს "ინდუსტრიული ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი; შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
2005-2006 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
2005 საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
2000-2005 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
1998-2000 წწ. თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
1997-2000 წწ. მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.
1994-1996 წწ. წამყვანი მეცნიერი საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში. ამავდროულად კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები