ეროვნულ ბანკს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები არ აქვს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა, მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური აქტივობის ფონზე დამატებითი ფისკალური სტიმულის საჭიროება არ იკვეთება.
მისი თქმით, ფასების სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური დეფიციტი 2026 წლისთვის დაბალ დონეზე ნარჩუნდება და მშპ-ის 1,3%-ს შეადგენს, ხოლო ფისკალური წესის შესაბამისად, 2027 წელსაც მის მდგრად 3%-იან ზღვარს ქვემოთ რჩება და 2,5% იქნება.
სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვალის სტრუქტურა, პორტფელში საგარეო ვალის წილი მცირდება და საშინაო იზრდება, რაც ქვეყნის მოწყვლადობას ამცირებს გაცვლითი კურსისა და საგარეო ფინანსური პირობების ცვლილების მიმართ.
„მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური აქტივობის პირობებში დამატებითი ფისკალური სტიმულის საჭიროება არ იკვეთება. ამ თვალსაზრისით, ფასების სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური დეფიციტი 2026 წლისათვის დაბალ დონეზე ნარჩუნდება და მთლიანი შიდა პროდუქტის 1,3%-ია. ასევე, ფისკალური წესის შესაბამისად, ფისკალური დეფიციტი 2027 წელს კვლავ მის მდგრად 3%-იან დონეზე დაბალი ნარჩუნდება და, როგორც მოგახსენეთ, 2,5% იქნება.
ამასთან, ფისკალური პოზიციის სრულფასოვანი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის ციკლური მდგომარეობის გათვალისწინებაც. კერძოდ, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია, ხოლო წარმოდგენილი ბიუჯეტის მიხედვით, შემდგომ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად ნორმალიზდება და უბრუნდება მის გრძელვადიან წონასწორულ 5,5%-იან დონეს.
ამ ფონზე, 2027 წელს ფისკალური დეფიციტის ზომიერი მაჩვენებელი ნაწილობრივ ეკონომიკური ციკლის ნორმალიზებას ასახავს. შესაბამისად, ციკლური ეფექტების გათვალისწინებით, ფისკალური პოზიცია მეტწილად ნეიტრალური რჩება, ანუ არ ახდენს რაიმე დაწოლას ეკონომიკაზე ინფლაციური პროცესების დაჩქარების თვალსაზრისით და მონეტარული პოლიტიკის მიზნებთან თანხვედრაშია.
ამავდროულად, 2027 წლისთვის მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა 31,1% იქნება, რაც მის მდგრად, დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე მიუთითებს. ამასთან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვალის დონე, არამედ მისი სტრუქტურაც. ვალის პორტფელში ეტაპობრივად მცირდება საგარეო და იზრდება საშინაო ვალის წილი, რაც ამცირებს გაცვლითი კურსისა და საგარეო ფინანსური პირობების ცვლილების მიმართ მოწყვლადობას.
შესაბამისად, მთავრობის ვალის დაბალი დონე, მის უფრო დაბალანსებულ სტრუქტურასთან ერთად, აძლიერებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას და ხელს უწყობს სუვერენული რისკის დაბალ დონეზე შენარჩუნებას.
აი, ამ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით განვიხილეთ წარმოდგენილი დოკუმენტი და ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია", - განაცხადა თურნავამ.
























