მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას გეგმავს

რეზერვები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო რეზერვების ზრდასთან ერთად გაიზრდება მასში ოქროს რეზერვის წილიც. ამის შესახებ ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოქროს რეზერვების უფრო მეტად დაგროვებას შეეხებოდა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ოქრო ამ ბოლო დროს ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვებში ძალიან მიმზიდველი და მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ის ამბობს, რომ მხოლოდ წელს, დაახლოებით 650 ტონა ოქრო შეიძინა. შორის ევროპული ბანკები აქტიურობენ, როგორიც არის ჩეხეთი, პოლონეთი, სხვა ქვეყნების ბანკებიც აქტიურობენ.

„ოქროს რეზერვი ერთია რომ ჰეჯირების ინსტრუმენტია, რომელიც ინფლაციურ რისკებს აზღვევს, და მეორე - ეს არის სხვადასხვა გეოპოლიტიკური რისკის დაზღვევის ინსტრუმენტი.

ერთი მინუსი აქვს ერთადერთი ოქროს, რომელიც მაინც ჩვენ ეტაპობრივად მისი წილის ზრდას გვაფიქრებინებს. მომავალშიც ვაპირებთ, რომ გავზარდოთ ოქროს წილი. რეზერვები იზრდება და ოქროს წილიც უნდა გაჰყვეს მას. მინუსი ის აქვს, რომ უფრო დაბალლიკვიდურად ითვლება, ვიდრე დავუშვათ რომელიმე ვალუტა. ანუ, გაყიდვა რომ დასჭირდეს ეროვნულ ბანკს, რაღაცა დრო დასჭირდება ამას, მაშინ როდესაც დავუშვათ სხვადასხვა ვალუტაში დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტი მყისიერად იყიდება. თუმცა არსებობს ვითარება და არსებობს, ასე ვთქვათ, რისკები, რომლის საპირწონედაც ოქრო ყველაზე მეტად მყარია. ჩვენ ყველაფრის ამის გათვალისწინებით გავაგრძელებთ ოქროს დაგროვებას რეზერვებში, ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ეფექტიანი მართვისა და დივერსიფიკაციის მიზნით, 2024 წელს საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქრო დაამატა. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2026 წელს დამატებით ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1 მილიარდ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია. ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს მოცულობა 350 000 უნცია ოქროს [10.9 ტონა] შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები