მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ლარში ნომინირებული სტაბილკოინების გამოშვებისთვის დამატებითი წესი განსაზღვრა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების, მათ შორის ლარში ნომინირებული სტაბილკოინების, ემიტენტებისთვის ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნები განსაზღვრა. შესაბამისი წესი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას, 21 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა.

ახალი წესი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარდგენას არეგულირებს. ანგარიშგების მიზანია, მარეგულირებელმა შეაფასოს გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის ტიპი, მისი სარეზერვო აქტივების შემადგენლობა და ლიკვიდური აქტივების მოცულობა, ასევე მიმოქცევაში არსებული და გამოსყიდული სტაბილკოინების რაოდენობა.

ანგარიშგება ყოველთვიურად უნდა მომზადდეს და ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ იქნას წინა კალენდარული თვის მდგომარეობით. დოკუმენტის წარდგენის ვადა ყოველი თვის 10 რიცხვამდეა.

წესი ასევე ადგენს, რომ ანგარიშგება MS Excel-ის ფორმატში უნდა მომზადდეს. მასში, მათ შორის, უნდა აისახოს ემიტენტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის მონაცემები და სარეზერვო აქტივების შესახებ ინფორმაცია.

სტაბილკოინის შესახებ ანგარიშგებაში უნდა მიეთითოს გამოშვებული აქტივის დასახელება, შეთავაზების დოკუმენტით განსაზღვრული მაქსიმალური მოცულობა და ანგარიშგების მომენტისთვის მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის რაოდენობა. ეს მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ ვალუტაში უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტაბილკოინის უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგებაში უნდა მიეთითოს სარეზერვო აქტივის ტიპი, კონკრეტული აქტივის დასახელება, ვალუტა, მოცულობა და ის ფინანსური ინსტიტუტი, სადაც შესაბამისი რეზერვია განთავსებული.

ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ წესში მოყვანილია ლარში ნომინირებული სტაბილური ვირტუალური აქტივის მაგალითიც. ასეთ შემთხვევაში რეზერვის სახით შეიძლება გამოყენებული იყოს ლარის აქტივი, მოთხოვნამდე ან ვადიანი დეპოზიტი, რომელიც მყისიერად გამოთხოვადია, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც ერთ წლამდე ნარჩენი ვადიანობა აქვთ.

წესის მიხედვით, სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულების 100%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მაგალითად, თუ მიმოქცევაში 1 000 ლარის ღირებულების ლარის სტაბილკოინია, მისი უზრუნველყოფის სახით შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა ტიპის რეზერვი, რომელთა ჯამური ღირებულებაც მინიმუმ 1 000 ლარს უნდა შეადგენდეს.

ანგარიშგებაში ასევე უნდა აისახოს სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვებისა და გამოსყიდვის ყოველდღიური მოცულობები სარეზერვო აქტივების ტიპების მიხედვით. შესაბამისი მაჩვენებლების თანაფარდობა 100%-ის ტოლი ან მეტი უნდა იყოს.

ახალი მოთხოვნის შესაბამისად, ემიტენტებმა ეროვნული ბანკისთვის პირველი ანგარიშგება არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა უნდა წარადგინონ. შემდგომში ანგარიშგების წარდგენა ყოველთვიურად, ელექტრონულად ხელმოწერილი ფორმით, სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე უნდა განხორციელდეს.

ახალი ანგარიშგების წესი უკავშირდება ეროვნული ბანკის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივების სექტორისთვის წელს შექმნილ მარეგულირებელ ჩარჩოს. 2026 წლის 6 მარტს სებმა დაამტკიცა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი“, რომელმაც სტაბილკოინების გამოშვების პირობები განსაზღვრა. ამ რეგულაციით, სტაბილური ვირტუალური აქტივის გამომშვებს მომხმარებლებისგან მიღებული თანხების 100%-ის შესაბამისი რეზერვის მუდმივად შენარჩუნება მოეთხოვება.

სწორედ ამ რეგულაციის საფუძველზე იგეგმება ლარზე მიბმული სტაბილური ვირტუალური აქტივის — GELT-ის — პროექტიც. 2026 წლის მაისში Tether-მა პროექტის შესახებ განაცხადა და ეროვნულ ბანკში შესაბამისი რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონკრეტული პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი სალიცენზიო პროცედურების დასრულებისა და ეროვნულ ბანკთან შეთანხმების შემდეგ.

Tether-ის აღმასრულებელი დირექტორის, პაოლო არდოინოს, განცხადებით, GELT უნდა იყოს ლარზე ერთი ერთზე მიბმული ციფრული აქტივი, რომლის გამოყენებაც ბლოკჩეინზე განხორციელებულ ოპერაციებსა და გადარიცხვებში იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები