მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2020 წელი 22-მილიონიანი მოგებით დაასრულა

60228992b6182
შოთა ტყეშელაშვილი
09.02.21 18:19
842
რეაბილიტაციის პროცესიდან გამოსულმა სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2020 წელი 22.2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა - ამის შესახებ BMG-ს კომპანიაში განუცხადეს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის წერილობითი პასუხის მიხედვით, მათი შემოსავალი მაღალი ძაბვის ქსელების ფლობიდან გასულ წელს 138.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

2020 წლამდე კომპანია “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში იყო, 2020 წელს კი “ესკოსთან” ერთად ელექტროსისტემამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ასევე, დასრულდა “რეაბილიტაციის”პროცესიც, რომელიც კომპანიაში 2008 წლიდან მიმდინარეობდა და 118 მილიონი ლარის ვალდებულების გადახდას გულისხმობდა.

“2008 წლიდან, კომპანია ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად საქმიანობდა. კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების მოცულობა 118 359 მლნ ლარს შეადგენდა. რეაბილიტაციის ვადად განისაზღვრა 15 წელი, თუმცა კომპანიამ 2023 წლის ნაცვლად, 2021 წელს შეძლო არსებული რეჟიმიდან გამოსვლა და დავალიანების გასტუმრება,” - განუცხადეს BMG-ის ელექტროსისტემაში.

კომპანია ამჟამად საერთაშორისო დონორების მიერ 446 მილიონი ევროს მოცულობის შეღავათიანი კრედიტებით დაფინანსებულ პროექტებს აშენებს. ესენია: 

1) ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა 2 (135 მლნ ევრო, KfW ); 
2) ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (100 მლნ ევრო, KfW);
3) ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი (90 მლნ ევრო, EBRD); 
4) გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი“ (59 მლნ აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი) 
5) ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი (62 მლნ ევრო, მსოფლიო ბანკი). 

2021 წლის გეგმებზე საუბრისას კი, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წელს საერთაშორისო დონორების დაფინანსებით რამდენიმე ხაზის მშენებლობას გეგმავენ. მათ შორისაა “ნამახვანი წყალტუბოს” ხაზიც, რომლითაც ელექტროსისტემა ახალ ჰიდროელექტროსადგურს უნდა დაუკავშირდეს. ასევე, დაგეგმილია "ჯვარი-ხორგას"; „ადიგენი-შუახევის“, „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხის“, „ჩრდილოეთის რგოლი-წყალტუბოს“ ხაზების მშენებლობები. 

არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ელექტროსისტემის აქტივები 1.17 მილიარდი ლარია.