სახელმწიფო ელექტროსისტემამ მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ იდლიანში ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგურის ასაშენებლად 89 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის აღწერილობის თანახმად, სვანეთის რეგიონში დაგეგმილია 200 მეგავატის სიმძლავრის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ხოლო ამჟამად არსებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ შეუძლია სვანეთიდან ამ მოცულობის დენის გადატვირთვის გარეშე გამოტანა, ამიტომაც საჭიროა ახალი ქვესადგურის მშენებლობა.
“სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გეგმავს 500/110/35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობას. აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობით ხელი შეეწყობა შიდა განახლებადი ენერგიის განვითარებას საქართველოს ელექტროსისტემაში, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობას მიიღებს გენერაციის ადეკვატურობაში და გარკვეულწილად იმოქმედებს ელექტროენერგიის ან გაზის იმპორტის შემცირებაზე,”- ნათქვამია ტექნიკურ აღწერაში.
ტენდერის თანახმად, პროექტი 2023-2025 წლებში უნდა განხორციელდეს.
“პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰქონდეს ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის გამოცდილება როგორც კონტრაქტორის, მინიმუმ 7 წელი, დაწყებული 2016 წლის პირველი იანვრიდან და დასრულებული მიმდინარე ტენდერში მონაწილეობის დღემდე. აღნიშნულის დასტურად სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებები სათანადო მიღება-ჩაბარების ან/და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტით,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.