მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კლინიკების დაფინანსების მოდელი ცვლის - რას გულისხმობს DRG?

6255a536cd03d
ელენე გოგბერაშვილი
12.04.22 21:48
3531
წლის ბოლოდან სახელმწიფო კლინიკების დაფინანსების მოდელის ცვლილებას გეგმავს. ანაზღაურების ახალი სისტემა DRG-ის ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

DRG სამართლიანი დაფინანსების ერთ-ერთ მეთოდად ითვლება. ამ მოდელზე გადასვლას ჯანდაცვის სამინისტრო წლებია გეგმავს, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ წლის ბოლომდე სახელმწიფო კლინიკებს სწორედ ამ მეთოდის შესაბამისად დააფინანსებს.

“1 აპრილიდან სატესტო რეჟიმი გვაქვს. არის ასეთი სისტემა DRG, რომელიც ყველაზე სამართლიან ტარიფს თვლის ბაზარზე, რომ არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ან მეტის გადახდა ან უსამართლოდ ნაკლების.

უკვე საპილოტე რეჟიმში გვაქვს ჩართული ეს სისტემა, პარალელურად, მიდის მუშაობა ტარიფების გამოყვანაზე. როგორც ჩვენი სამუშაო ჯგუფი მპირდება, წლის ბოლომდე ეს სისტემა ჩვენთან დანერგილი იქნება, რომელიც სამართლიანად დააფიქსირებს სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფებს და ამის მიხედვით მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება“, - ამბობს bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

მინისტრი ამ განცხადებაში და შემდგომაც გაკეთებულ კომენტარებში არ აზუსტებს, რომელი კლინიკები მონაწილეობს პილოტირების პროგრამაში, თუმცა როგორც გავარკვიეთ, ჯანდაცვის მინისტრმა ამ განცხადებით პროცესებს დაასწრო, რადგან როგორც ჯანდაცვის უწყებაში განგვიმარტეს, ჯერ საპილოტე პროექტი არ დაწყებულა და სამინისტროში ტარიფების გადათვლის პროცესი მიდის.

რაც შეეხება კერძო სექტორის პოზიციას, სამედიცინო სფერო ახალ სისტემაზე გადასვლის მომხრეა. როგორც სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი სამინისტროში გამართული განხილვების დროს გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, სავარაუდოდ საქართველო DRG -ის ესტონურ მოდელს აირჩევს. რაც შეეხება პილოტირებას, მაია მახარაშვილის თქმით, ეს პროცესი დაახლოებით 3 თვეში უნდა დაიწყოს.

„სექტორისთვის ძალიან პოზიტიური იქნება, თუკი ეს მეთოდი რეალურად დაინერგება, რადგან უკვე აპრობირებულ მეთოდთან ნდობის მომენტი მაღალია იმ გამოცდილებებზე დაყრდნობით, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. ეს ნიშნავს, რომ DRG-ის ჯგუფის ფასი იქნება სტანდარტული, მაგრამ ეს ძალიან განსხვავდება ტარიფიკაციისგან, რაზეც სულ ვსაუბრობდით, რომ რა მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა არ ვიცოდით, არ იყო შეთანხმებული და როცა რაღაც არ არის გამჭვირვალე, ეს ბევრ კითხვას ბადებს. ამ ყველა კითხვას ფაქტობრივად ეს მეთოდი შეაჩერებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ ხდება DRG ჯგუფების ფასის დაფიქსირება და ხდება მუდმივი ანალიზი. DRG მუდმივად უყურებს მედიკამენტების საბაზრო ღირებულებას, ასევე სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების ფასს. კლინიკები კოვიდის პერიოდში დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით, რადგან 200%-ით გაზრდილია სახარჯი მასალა და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ტარიფი ფიქსირებულია და არ მოძრაობს, წესით და რიგით ამ სისტემამ ეს პრობლემაც უნდა აღმოფხვრას“, - აცხადებს მაია მახარაშვილი.