მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG-ის პირობებში კლინიკები სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობდნენ გადასახდელი თანხის გაზრდას - მინისტრი

64663bd3e596b
BM.GE
18.05.23 19:49
700
სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების ნაწილის მიმართ დაფინანსების ახალ სისტემაზე, DRG-ზე გადასვლის პერიოდში რამდენიმეთვიანი დავალიანება დაუგროვდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, ეს არის ისეთი შემთხვევები, როცა კლინიკები არაკეთილსინდისიერად, ხელოვნური მანიპულაციებით ცდილობდნენ გადასახდელი თანხების გაზრდას.

„ჩვენ სხვა რეფორმებიც მივაყოლეთ DRG-ს. ეს იყო ელექტრონულად ფორმა 100-ის და პაციენტების შესახებ მკურნალობის ინფორმაციის გამოგზავნა, ასევე ცენტრალიზებული გახდა შეფასების და გადახდის ნაწილი. ცენტრალიზებულად, სამინისტრო ნებისმიერი კლინიკიდან მოწოდებულ ინფორმაციას დეტალურად გადის და ყველა ეს შემთხვევა, სადაც დაგვიანებაა 2 თვე ან მეტი, ყველა არის ის შემთხვევა, სადაც ჩვენი თანამშრომლების მიერ დაკორექტირდა არაკეთილსინდისიერად გამოგზავნილი შემთხვევები.

კლინიკები ხელოვნურად, ჩარევების და სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობდნენ გადასახდელი თანხის გაზრდას. სამწუხაროდ ხდება ასეთი ფაქტები და მათი მხრიდან არ არის არგუმენტები. უნდა დაეთანხმონ კლინიკები ჩვენს მიერ დაკორექტირებულ ვერსიას და ამის შემდეგ მიიღებენ თანხას, თუმცა ძირითადი ნაწილი, დაკორექტირების გარდა რაც იყო გადასახდელი კლინიკებისთვის, ოპერატიულად გადახდილია“,-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ზურაბ აზარაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რამდენად გაიზარდა DRG-ის პერიოდში პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდები. მინისტრი ამბობს, რომ დაფინანსების ახალი სქემის პირობებში 26%-დან 10%-მდეა შემცირებული პაციენტების თანაგადახდა.

„ჩვენს მოსახლეობას გასული 6 თვის განმავლობაში თანაგადახდის ნაწილში მხოლოდ 60 მლნ ლარი აქვს დაზოგილი“,-ამბობს აზარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები