ექიმები DRG დაფინანსების სისტემაში სატარიფო ცვლილებებს ითხოვენ. მათი თქმით, კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის შემდეგ დადგენილი ტარიფები რიგი ნოზოლოგიების შემთხვევაში არაადეკვატურია და სამედიცინო სერვისის ღირებულებასაც ვერ ფარავს. განსაკუთრებით პრობლემური ძვირად ღირებული, მაღალტექნოლოგიური და კომბინირებული ოპერაციების განფასებაა.
პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ონკოლოგიის დარგის სპეციალისტებმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრების შინაარსი გაიხსენეს და თქვეს, რომ მათ სთავაზობენ ძვირად ღირებული ოპერაციების ხარჯი სხვა ოპერაციებით დააბალანსონ.
„იყო შეხვედრები და იყო ძალიან საინტერესო საუბრები. ერთ-ერთი ასეთი რამ გაჟღერდა, რომელიც არ იყო ექიმის სიტყვები, ეს იყო ადამიანი, რომელიც ალბათ ფინანსურ-ეკონომიკურ სიტუაციაშია ჩახედული. მან თქვა, რომ რაღაც ოპერაციები, რომელიც არის ძვირად ღირებულად დაფინანსებული, იმან უნდა დააბალანსოს სხვა ოპერაციები“, - განაცხადა ონკოპლასტიკურმა ქირურგმა ირაკლი კოხრეიძემ.
ეს მიდგომა მიუღებელია მისი კოლეგებისთვისაც. როგორც ონკოუროლოგი გურამ ქარაზანაშვილი აცხადებს, ტარიფები არაადეკვატურია და არ აქვს მნიშვნელობა კლინიკა კერძოა, თუ სახელმწიფო. „ყველა ითვლის ფულს“,-თქვა კომიტეტის სხდომაზე ექიმმა.
ის თვლის, რომ პაციენტს თანაგადახდის საშუალება უნდა ჰქონდეს და შეძლოს თავად აირჩიოს ექიმი და სერვისი, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს.
„ბევრ ქვეყანაშია თანადაფინანსების მოდელი. სახელმწიფო იხდის ამას, ამ ნოზოლოგიაში და არ უღირს მეტი, მაგრამ რატომ ვსპობთ თანადაფინანსებას? სიტყვაზე ილია გოცაძე [ონკოქირურგი] გააკეთებს ოპერაციას, თუ იგივე გუშინდელი დამთავრებული ექიმი, არ შეურაცხვყოფ, მაგრამ კვალიფიკაცია ხომ სხვაა?! რატომ ვუსპობთ პაციენტს არჩევანს აირჩიოს ექიმი?! მივიდა კლინიკაში, მას ილია გოცაძე შესთავაზეს თუ ახალდამთავრებული ექიმი, უნდა დაეთანხმოს, რადგან არ აქვს უფლება აირჩიოს კვალიფიციური ექიმი, ეს უფლება დაკარგა პაციენტმა. მას ოროთახიან ლუქსში უნდა წოლა თუ 5-ადგილიან პალატაში ამის არჩევანის უფლებას რატომ ვუსპობთ?!“, - განაცხადა გურამ ქარაზანაშვილმა.