„ყველა ქირურგის სატკივარს ვიტყვი, რომ დაფინანსების ის მოდელი, რომელიც DRG-მ შემოგვთავაზა და ამას ხელმისაწვდომობის ფორმატი დაერქვა, ვფიქრობ, მთლად ობიექტური არ არის“, - ამის შესახებ მამოლოგმა, ონკოპლასტიკურმა ქირურგმა ირაკლი კოხრეიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადა.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების სისტემაზე ერთი წლის წინ გადავიდნენ. DRG სატესტო რეჟიმში ჩაირთო გასული წლის 1 ნოემბრიდან, 2023 წლის 1 იანვრიდან კი სრულყოფილად ამოქმედდა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმ ხარვეზებზე, რაც DRG-ზე გადასვლას მოჰყვა. ძირითადად ეს დაკავშირებულია ტარიფებთან, რადგან ზოგიერთი სამედიცინო სერვისის ღირებულება ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ გაიზარდა, მაგრამ არის სამედიცინო ჩარევები, რა შემთხვევაშიც მათი თქმით, სახელმწიფოს დაფინანსება სერვისის ღირებულებასაც ვერ ფარავს.
ჯანდაცვის კომიტეტშიც სწორედ არაადეკვატურ ტარიფებზე იყო საუბარი ძირითადად ონკოლოგიის მიმართულებით. ექიმები ღიად ამბობენ, რომ მათ სთავაზობენ ძვირად ღირებული ოპერაციების ხარჯი სხვა ოპერაციებით დააბალანსონ, რაც მათთვის მიუღებელია.
„ ეს მოდელი მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც არის კლინიკების 99% საუნივერსიტეტო/სახელმწიფოა და სადაც ამ კლინიკების ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსის და ა. შ განვითარებაში სახელმწიფოს აქვს ჩადებული ფული და არა კერძო ინვესტორს.
ასევე არსებობს მთელი რიგი ოპერაციები, რომელიც თავისი მასშტაბით განსხვავდება იმისგან, რომელიც ფინანსდება DRG-ით. ასევე კომბინირებული ოპერაციები და ორმხრივი ოპერაციები, სადაც DRG-ის აქვს გათანაბრებული ყველა საკითხი და ფინანსდება ერთი მომენტი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ჯანდაცვის მინისტრთან, მის მიერ გამოიყო ტექნიკური ჯგუფი და მათ გვითხრეს, რომ ამ საკითხს განიხილავდნენ. ჩვენი გულისტკივილი მინდა გითხრათ, რომ დაფინანსების საკითხი კვლავაც იგივენაირადაა“, - განაცხადა ირაკლი კოხრეიძემ.
ექიმმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის შინაარსი გაიხსენა და თქვა, რომ მათ სთავაზობენ ძვირად ღირებული ოპერაციების ხარჯი სხვა ოპერაციებით დააბალანსონ.
„იყო შეხვედრები და იყო ძალიან საინტერესო საუბრები. ერთ-ერთი ასეთი რამ გაჟღერდა, რომელიც არ იყო ექიმის სიტყვები, ეს იყო ადამიანი, რომელიც ალბათ ფინანსურ-ეკონომიკურ სიტუაციებშია ჩახედული. მან თქვა, რომ რაღაც ოპერაციები, რომელიც არის ძვირად ღირებულად დაფინანსებული, იმან უნდა დააბალანსოს სხვა ოპერაციები.
მაშინ ასე უნდა ვიფიქროთ, რომ 15 ხალი უნდა გავაკეთოთ, 2 ძუძუს ოპერაცია და სადღაც 2 თვეში ერთხელ ილია [ილია გოცაძე, ონკოქირურგი] უნდა მივუშვათ კუჭის ოპერაციაზე, რომ საშუალო შემოსავლის მქონე კლინიკამ როგორღაც იარსებოს. ასეთი ლოგიკაა“, - განაცხადა ირაკლი კოხრეიძემ პარლამენტში.