მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG-ის არსებული ტარიფი ექიმს უბიძგებს პაციენტი საზღვარგარეთ გააგზავნოს - ონკოქირურგი ილია გოცაძე

ილია გოცაძე

1 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები დაფინანსების DRG სისტემაზე გადავიდნენ. შედეგად, ზოგიერთი სამედიცინო სერვისის ღირებულება გაიზარდა, მაგრამ არის სამედიცინო ჩარევები, რა შემთხვევაშიც ექიმების თქმით, სახელმწიფოს დაფინანსება სერვისის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს.

პარლამენტში მიმდინარე კვირაში, ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ონკოქირურგებმა საკმაოდ ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათ დარგში DRG-ზე გადასვლას მოჰყვა.

„ყველაზე მეტად ის საკითხი მაწუხებს, რომ ხვალ ჩემს დარგში არ ჩაიდება არანაირი ინვესტიცია, არ მიყიდიან ახალ ლაპაროსკოპიულ დანადგარს, რობოტული ოპერაციები, რისთვისაც ჩვენი პაციენტები მიდიან თურქეთში და სხვა ქვეყნებში, არ დაინერგება საქართველოში იმიტომ, რომ რობოტს არავინ იყიდის, რადგან წაგებიანია.

ხომ შეიძლება 1 წლის განმავლობაში ყველაფერი დავთვალოთ და საშუალო DRG გამოვიყვანოთ. მაგალითად ილიას უჯდება 15, ლექსოს 20, სხვას 10 და იყოს 12, მაგრამ იყოს ადეკვატური და შესაბამისი იმის, რომ ჩემი საშუალოდ რთული ოპერაციებით უფრო რთული დავაბალანსო“, - განაცხადა ონკოქირურგმა ილია გოცაძემ.

თუ ჯანდაცვის სამინისტრო ტარიფებს არ გადახედავს ექიმი ამბობს, რომ ეს ექიმებს უბიძგებს არ ჩაატარონ ოპერაციები, პაციენტები საზღვარგარეთ გაუშვან და შუამავლობის გზით ნახონ სარგებელი.

„იცით, რომ ჩვენს ბაზარზე ძალიან აქტიურად მუშაობენ თურქული მარკეტინგული კლინიკები. მე რომ მანდ გადავაგზავნო პაციენტი, ერთ პაციენტში მივიღებ 1000-დან 3000-დოლარამდე ქეშბექს. ბიძგია. ექიმი გრძნობს, რომ თუ მე ვარ დაუფასებელი, რატომაც არა. ვფიქრობ, ამ დარგის არასათანადო და არაობიექტური შეფასება, გამოიწვევს უნდობლობას და უფრო მეტ პრობლემას ამ დარგში“, - განაცხადა ონკოქირურგმა პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში გამოსვლისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები