მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში 155 ობიექტიდან 17 გაყიდა - შედეგები

635fe10f18bd4
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.22 18:58
876
სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე ფასდაკლებით გამოტანილი 155 ობიექტიდან 17 ობიექტი გაიყიდა. ამის შესახებ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ ქონების სააგენტოდან აცნობეს.

საქმე ის არის, რომ სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 68 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 155 ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე ფასდაკლებით გასაყიდად 5 ოქტომბერს გამოიტანა. ქონების პრივატიზების დაჩქარების მიზნით გამოცხადებული აუქციონები კი 19 ოქტომბერს დასრულდა.

როგორც BM.GE-ს ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფომ ქონების პრივატიზებით 11 281 750 ლარი შემოსავალი მიიღო. უწყების ინფორმაციით, აუქციონების უმრავლესობა 13 აუქციონი 1 ბიჯით შედგა. რამდენიმე აუქციონზე კი მაღალი ინტერესი გამოიკვეთა.

კომპანიები და ფიზიკური პირები სახელმწიფო ქონების შესყიდვით, როგორც დედაქალაქში, რეგიონებში დაინტერესდნენ, შესაბამისად 6 ქონების პრივატიზება თბილისში მოხდა, დანარჩენი უძრავი ქონება კი სახელმწიფომ მცხეთაში, რუსთავში, ოზურგეთში, ვანში, ნინოწმინდაში, გორში, თეთრიწყაროს და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში გაიყიდა.

გაყიდული მიწის ნაკვეთებიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობიდან ქუთაისში 3 145 000 ლარად მიხეილ ჩუბინიძემ, თბილისში 1 105 000 ლარად შპს ლე მონდემ და ასევე თბილისში 1 435 000 ლარად აბილახ მურადოვმა შეიძინეს.

5 ოქტომბერს გამოცხადებულ აუქციონზე პრივატიზებული ქონების სრული სია.