მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარზე ფორსმაჟორული სიტუაციის დროს, ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით - აბაშიძე კარასინთან საუბარზე

63db4ef88c88a
ინგა მურუსიძე
02.02.23 09:42
1109
ორჯერ მოვისმინე ჩანაწერი, ავთენტური საუბარია და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გრიგორი კარასინთან აღნიშნული საუბარი შედგა გასული წლის ივნისში და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მხრივ რთული ვითარება შეიქმნა.

აბაშიძის განცხადებით, კარასინთან კავშირი ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში ჰქონდა.

„ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი ამაზე ვსაუბრობდით.

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

საქმე ის არის, რომ გუშინ, რუსულმა მედიაგამოცემა „კიბერ კმარამ“ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც, მათი ცნობით, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი საუბრობენ. კარასინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ორმხრივი კონტაქტების შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი 2022 წლის 22 ივნისს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ პრობლემაზე საუბრობენ, რაც სატვირთო ავტომობილების გადაადგილების შეფერხებას ეხება. „ვრცელი საუბარი მქონდა ჩვენ ტრანსპორტის სამინისტროსთან. მსურს, შენც იყო საქმის კურსში. ძალიან კმაყოფილი არიან ბოლო კონტაქტებით, რომლებმაც აჩვენეს პრობლემების, მათ შორის, ლარსის მოგვარების სურვილი. უფრო მეტიც – სურთ, ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ, მიუხედავად სატრანსპორტო ვითარების გამწვავებისა. მიმანიშნეს კიდეც, რომ აქვთ რაღაც გეგმა ახალი კორიდორის მშენებლობაზე, რომელიც დაგვაკავშირებდა“. საუბრის შინაარსი სწორედ ახალ კორიდორს ეხება, რომელიც აბაშიძის თქმით, უკვე შენდება და წელიწადნახევარში დასრულდება.