19.ივლისი .2022 19:57

სებ-ი 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების ნაწილობრივ დაშვების მიზეზებს განმარტავს

სებ-ი 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების ნაწილობრივ დაშვების მიზეზებს განმარტავს
views 1041
უკან

დღეს ცნობილი გახდა, რომ ეროვნულმა ბანკმა 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების ნაწილობრივ დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომელთაც ბანკებში სავალუტო დეპოზიტი აქვთ განთავსებული, ამ დეპოზიტის შესაბამისი თანხის ოდენობით დოლარის და ევროს კრედიტების აღების უფლება მიეცემათ.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 200,000 ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იყო შესაძლებელი. შესაბამისად, დღეს მიღებული ცვლილებით, ეროვნული ბანკი ამ მხრივ გამონაკლისს დაუშვებს. მაგალითად, თუკი მოქალაქეს ეკუთვნის 20,000 დოლარის დეპოზიტი მას 20,000 დოლარის ოდენობის სავალუტო კრედიტის აღება შეეძლება.

ცვლილების მიზეზებზე BMG ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი ესაუბრა. მისი განმარტებით, დეპოზიტებით უზრუნველყოფილი სავალუტო კრედიტების დაშვებასთან ერთად, სებ-მა მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც სავალუტო სესხებთან დაკავშირებით არსებული ხვრელის დალუქვას ემსახურება.

“ამ ცვლილებით მოწესრიგდა დეპოზიტით უზრუნველყოფილი კრედიტების მიმართ მოთხოვნები, რათა აღმოგვეფხვრა გვერდის ავლის შესაძლებლობები, რათა ჩვეულებრივი მსესხებლებისთვის აგვერიდებინა სავალუტო რისკების აღება. ამ ცვლილებაში არის ორი მუხლი და დადგინდა, რომ როდესაც მსესხებლების ჯამური ვალდებულებებს ითვლის ბანკი იმისთვის, რომ დაადგინოს ამ მსესხებლებს შეუძლია თუ არა აიღოს 200,000 ლარზე დიდი სავალუტო კრედიტი, ამ შემთხვევაში ის ყველა ვალდებულებებს აჯამებდა მათ შორის დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხს. აქამდე კონკრეტული მსესხებლების მაგალითზე დავინახეთ, რომ ანაბარზე დადეს თანხა, აიღეს უზრუნველყოფილი სესხი და იგივე თანხა დადეს ანაბარზე, იგივე უზრუნველყოფით სესხი აიღეს და ასე რამდენიმე ოპერაციის გზით სესხის და ანაბრის თანხა აიყვანეს იმ დონემდე, რომ 200,000 ლარზე ავიდნენ და შეძლეს უცხოურ ვალუტაში აეღოთ სესხი. შემდეგ უკან დაატრიალეს ეს სქემა, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხები ჩაფარეს ანაბრით და ასე ვთქვათ, ეს ვალდებულებები გაქრა და დარჩა მხოლოდ უცხოური ვალუტის სესხი. დავინახეთ, რომ რამდენიმე მსესხებელმა ასე ქნა და ეს სქემა სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდებოდა.

მეორე ნაწილით ვისაც აქვს უცხოური ვალუტის ანაბარი, შეუძლია იმავე ვალუტაში აიღოს სესხი, მაქსიმუმ ამ ანაბრის მოცულობით. ამ ცვლილებების განხორციელების საშუალება მოგვცა პირველმა ცვლილებამ, რადგან გვეშინოდა გვერდის ავლის გზებით არ ესარგებლათ.

ვნახეთ, რომ ცალკეულ მეანაბარეებს, რომლებსაც ჰქონდათ დოლარის დეპოზიტები და არ უნდოდათ მისი დარღვევა და იღებდა ლარის სესხს ამ შემთხვევაში სავალუტო რისკსაც იღებდა თუ კურსი გამყარდებოდა, ასევე საპროცენტო განაკვეთს იხდიდა უფრო მაღალს. რადგან გვერდის ავლის ნაკლებად გვეშინია შესაძლებლობა მივეცით, რომ ჩვეულებრივმა მსესხებლებმა თუ მათ დროებით სჭირდებათ რაღაც თანხა და აქვთ შესაბამისი ვალუტის ანაბარი, აიღონ სესხი,” - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

BMG ამ საკითხზე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძესაც ესაუბრა. მისი განმარტებით, დღეს მიღებული ცვლილებები დაკრედიტების სტატისტიკასა და ლარიზაციაზე გავლენას არ მოახდენს.

“უკანასკნელი ცვლილება შეეხო უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ფორმას. ეს იყო ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი სესხები, რაც არის შესაძლებელი გაიცეს უცხოურ ვალუტაში, თუ იმავე ვალუტაში გაქვთ სადეპოზიტო დანაზოგი. აქამდე თუკი 200,000 ლარს აჭარბებს მთლიანი ვალდებულება, ამ შემთხვევაში შეგეძლოთ, ამ ბრძანებით ნაღდი ფულით უზრუნველყოფილი სესხი აგეღოთ.

ლოიალური მიდგომაა, რომ უცხოურ ვალუტაში თუ გაქვთ სადეპოზიტო დანაზოგი, თქვენ შეძლებთ, რომ აიღოთ უცხოურ ვალუტაში სესხი.

რთული სათქმელია, რა იქნება გავლენა ლარიზაციაზე, ჩვენი ვარაუდით, ამას სისტემაზე გავლენა არ ექნება,” - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა