06.მაისი .2020 19:00

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს

views 186
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკი მაისის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს. 

დოკუმენტის მიხედვით ფაქტი, რომ აპრილში ინფლაცია 6.9%-ს შეადგენდა, სებ-ის მიერ თავდაპირველად მომზადებულ პროგნოზთან შედარებით უფრო მაღალი აღმოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად, ეროვნული ბანკი წლის მეორე ნახევარში ინფლაციის დასტაბილურებას ელის. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული პროგნოზია ძალაში, ქვეყნის მშპ-ის მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება. თუ ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, მოსახლეობის მხრიდან საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნაც შემცირდება, რაც ბიზნესებს თავის მხრივ ფასების ზრდაზე დამატებით თავის შეკავებისკენ უბიძგებს.

ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობს და ის ეტაპობრივად კიდევ შემცირდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

კობა გვენეტაძე ინფლაციის პროგნოზის შესახებ:

"ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ერთი მხრივ, და ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურეობის წარმოების ხარჯების ზრდა, მეორე მხრივ. შედეგად, მარტში წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, აპრილში კი 6.9 პროცენტამდე გაიზარდა. ამავე დროს, საგარეო და შიდა მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციის შემცირებას განაპირობებს. არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი, თუმცა, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება.

როგორც აღვნიშნე, ინფლაციის გრძელვადიანი დინამიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ერთობლივი მოთხოვნა იქნება. განახლებული პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკის 4%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, რასაც როგორც ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების კლება, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირება განაპირობებს. მოსალოდნელი შემცირება უკვე გამოჩნდა ბოლო მონაცემებში. მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. 9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ფულად გზავნილებშიც. ამასთანავე, 13 პროცენტით შემცირებულია იმპორტიც, რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია, მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირება, აღარ არის არსებულ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და 29 აპრილის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.50 პროცენტამდე შეამცირა. შეიძლება დაისვას კითხვა, თუ რატომ ამცირებს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მაშინ, როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე საგრძნობლად მაღალია. ამასთან დაკავშირებით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ არა მიმდინარე ინფლაციაზე დაყრდნობით, არამედ ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზის გათვალისწინებით. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრებული რჩება. მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად განახორციელდეს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ინფლაციის მოლოდინები არ გაიზარდოს. ამასთან, როგორც ადრე, ვიმეორებ, რომ გრაფიკზე მოცემული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია დაპირება არ არის, ეს არის დღევანდელი ხედვა და, ახალი ფაქტორების გამოვლენასთან ერთად, ის შესაძლოა გადაიხედოს," - ამბობს კობა გვენეტაძე. 

სებ-ის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა:



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა