მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის მაისის პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი, სავარაუდოდ, მპკ-ის ყოველ მეორე სხდომაზე შემცირდება

64803f62c09d3
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.23 12:33
1050
სტატიაში საუბარია:
არსებული ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველ მეორე სხდომაზე მოახდენს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა „საქმის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა, რაც სებ-ის ფრთხილი პოლიტიკის მიზეზია ადგილობრივი ინფლაციაა, რომელიც დაახლოებით 9%-ის ფარგლებშია.

„მართალია დღეს ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, წინა წლებში თუ ორნიშნა ინფლაცია გვქონდა, დღეს მიზნობრივ 3%-ზე დაბალიც კი არის, თუმცა მნიშნელოვანია ამის მიზეზები. არსებული ვითარებით რა სურათიც გვაქვს ის არის, რომ ინფლაციის შემცირების უკან ძირითადად იმპორტირებული ინფლაციის შემცირება დგას, რაც თავის მხრივ ორ კომპონენტად შეიძლება ჩაიშალოს. პირველი ის არის, რომ ლარის გაცვლითი კურსი წლიურად გამყარებულია, [რამდენიმეკვირიანი გაუფასურების მიუხედავად] და მეორე - საერთაშორისო ბაზარზე საკვები პროდუქტების ფასები ნელ-ნელა მცირდება, ნავთობის ფასებიც თანდათან იკლებს, ეს ყველაფერი იმპორტული ინფლაციის მინუსში გადასვლას განაპირობებს. ამის საპირისპიროდ დგას ადგილობრივი ინფლაცია, რომელიც 9%-ის ფარგლებშია და ეს მიზეზია იმის, რატომაც ჩვენ ინფლაციის შემცირებას სიფრთხილით ვეკიდებით. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დაბალი ინფლაცია არის განგრძობითი და არა ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული“, - განმარტა ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა.

შალვა მხატრიშვილი ამბობს, რომ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო მაჩვენებლით რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ეტაპობრივად მოხდება და წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9-10%-ის ფარგლებში იქნება.

„ინფლაციის ნიშნები პოზიტიურია იმ ფაქტის გამო, რომ 3%-თან ახლოს დარჩება მომავალ წელსაც, თუმცა წინა სხდომაზე როდესაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყო, განაცხადა, რომ შემცირებას ეტაპობრივად გააგრძელებდა. ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორიასაც ვაქვეყნებთ - იმ პერიოდისთვის არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით და მაისში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთი ყოველ მეორე სხდომაზე შემცირდება და წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9-10%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა ახალი ვითარების შექმნის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება გადაიხედება“, - განაცხადა მხატრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები