მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნაბიჯები იქნება ძალიან ფრთხილი“ – დავით უტიაშვილი მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე

ეროვნული ბანკი

„დღევანდელ რეგულაციებს თუ შევხედავთ, როგორც ფინანსურ სტაბილურობასთან ისევე მონეტარული პოლიტიკის კუთხით – ჩვენ გვაქვს ალბათ ერთ–ერთი ყველა მკაცრი გარემო და ამის შედეგებს ვხედავთ“, – ამის შესახებ სებ–ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა "საქმიან დილა"–ში "ანალიტიკა"–ს ბლოკში განაცხადა.

უტიაშვილის თქმით, ბანკები საკმაოდ კაპიტალიზებული არიან, და აქტივების ხარისხი ისტორიულად დაბალია; ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის; ხოლო სესხებიც ზრდა – ბუნებრივ დონესთან.

„მშპ და ხალხის შემოსავალი უფრო მეტადაც კი იზრდებოდა, ვიდრე სესხების დონე – ამბობს დავით უტიაშვილი –ამიტომ ამ კუთხით გარკვეული შერბილების წინაპირობები გვაქვს“.თავდაპირველი შერბილების შემდეგ, სებ–მა სულ ბოლო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მონეტარული განაკვეთის უცვლელად 10%–ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმის მიუხედავად, რომ ღიად ჰქონდა გაცხადებული თანმიმდევრული შერბილების პოლიტიკა. ამას დავით უტიაშვილი რისკებით ხსნის, რომლებიც, მისი შეფასებით, გაზრდილია. „ნაბიჯები იქნება ბევრად უფრო ფრთხილი ამ რისკებიდან გამომდინარე და მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტიდან გამომდინარე რისკები არის გაზრდილი. შეიძლება პირდაპირ მოლოდინს ვერ ვხედავთ, მაგრამ რისკები გაზრდილია. ამიტომ ნაბიჯები იქნება ფრთხილი“ – უთხრა დავით უტიაშვილმა „საქმიანი დილა“–ს „ანალიტიკა“–ს.

ბლოკის ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას – რის მოლოდინი უნდა ჰქონდეს კერძო სექტორს – საფინანსო რეგულაციების და ბიუროკრატიის ლიბერალიზაციის, როგორც ამას ბიზნეასოციაცია და მასში შემავალი კომერციული ბანკები აანონსებდნენ თუ პირიქით, მეტი რეგულირების – დავით უტიაშვილი პასუხობს, რომ „ფინანსური კუთხითაც შეგვეძლო რაღაცებზე [შერბილებაზე] გვეფიქრა“, თუმცა რისკები გასათვალისწინებელია.

„თითოეულ კომიტეტზე – ვთქვათ, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იქნება თუ მონეტარული კომიტეტი, საკმაოდ ინტენსიური დისკუსია გვაქვს ხოლმე საით ჯობია რომ წავიდეთ – და ბოლო მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენ თავი შევიკავეთ შემცირებისგან – ამბობს დავით უტიაშვილი – ჯამში ალბათ მოლოდინი შეიძლება იყოს უფრო შერბილებისკენ, ვიდრე გამკაცრებისკენ, თუმცა ეს იქნება ძალიან ფრთხილი ნაბიჯი“.

რეპლიკაზე – საფინანსო სექტორი იმდენად გამართულია, რომ გაძლევთ ამ მოქნილობის, მათ შორის, ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი გარემოს შენარჩუნების ფუფუნებას – დავით უტიაშვილი ამბობს, რომ „ფინანსური სტაბილურობის კუთხით საბანკო სექტორი არის ძალიან ჯანსაღი, ყველა პარამეტრით გამორჩეულად კარგი დრო აქვს, დაკრედიტებაც ნორმალური ტემპით იზრდება – ამიტომ აქ დიდი მოქნილობა გვაქვს, რა კუთხით წავალთ. მონეტარული პოლიტიკის კუთხით ინფლაცია არის მიზნობრივზე ქვემოთ და აქ გვაქვს გარკვეული შერბილების საშუალება – ისევ და ისევ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით, გამომდინარე იქიდან რაც ხდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები