მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების განაკვეთის შერბილებას ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელებთ - თურნავა

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სებ-ი სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გააგრძელებს. ასე უპასუხა ნათია თურნავამ BM.GE-ის კითხვას იმის შესახებ, თუ რა ტემპით გააგრძელებს მარეგულირებელი რეფინანსირების განაკვეთის შერბილებას.

„იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური გარემო არაპროგნოზირებადია და ეს ფაქტორები ჩვენს ხელთ არ არის, ვინარჩუნებთ მოქნილობას, ვაანალიზებთ მიმდინარე ვითარებას. ეროვნული ბანკის [ეკონომიკური ზრდის] განახლებული პროგნოზი მაისში დაიდება და იქ მეტად დავაკონკრეტებთ რა არის ჩვენი ხედვა. უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 2023 წლის მაისიდან დავიწყეთ. თავიდან ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით 0.25 პპ-ით ვამცირებდით, შემდეგ ვითარებამ და დაბალ ინფლაციურმა გარემომ საშუალება მოგვცა, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ბიჯები ცოტა უფრო გაგვეზარდა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჩვენი ეკონომიკისთვის გამოწვევაა და თუ კი საქართველოში მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია, ჩვენ ვალდებულები ვართ, შერბილება დავიწყოთ. თუ რა ტემპებით გაგრძელდება ეს პროცესი ამას უახლოესი 2-3 თვე დაგვანახებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, შერბილებას ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელებთ.

მნიშვნელოვანია გარე ფაქტორებზე თვალი გვეჭიროს, ზოგიერთი რისკი, რომელიც შესწავლილი გვაქვს არ მატერიალიზდება, ზოგიერთი რისკი კი რომელსაც ახლა ვაკვირდებით, შეიძლება უფრო მეტად მატერიალიზდეს. ჩვენ ღია ტიპის, მცირე ზომის ეკონომიკა ვართ, დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებაზეა მიმართული და ეს ნიშნავს ქვეყნის მედეგობის გაზრდას როგორც ინვესტორების, ასევე ზოგადად შიდა აქტორების თვალში.

"ჩვენ ამ მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ. ასევე ჩვენ გავაგრძელებთ, საფინანსო სისტემის - ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების მდგრადობაზე მონიტორინგს და მეთვალყურეობას. ჩვენი საფინანსო სისტემა დღეს კარგად კაპიტალიზირებულია და მაღალი ლიკვიდობის ბუფერები გააჩნია, მაღალი ხარისხის აქტივები... უმოქმედო სესხების საკმაოდ დაბალია, შოკებს გაუძლო და ჩვენ მომავალში მკაცრი ზედამხედველობის ჩარჩოს ფარგლებში გავაძლიერებთ ამ პოლიტიკას“, - განმარტა ნათია თურნავა.

კითხვაზე - მაინც რა რისკები ახდენს გავლენას დღეს მარეგულირებლის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ასე პასუხობს: „რისკებიც კვლავაც გლობალურია და ეს გლობალური დაძაბული გეოპოლიტიკური გარემოა, ჩვენ არ ვიცით, სად შეიძლება ახალი კერები გაჩნდეს. ვხედავთ, რომ არ ჩანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონკრეტული დროის ჩარჩოები. გარდა ამისა გლობალურად გამკაცრებულია ფინანსური პირობები, ეს ნიშნავს მაღალ საპროცენტო განაკვეთს დოლარის და ევროს რესურსზე. ასეთივე გაურკვევლობა ნარჩუნდება სასაქონლო ბაზრებზე და ჩვენ მთელი რიგი მიმართულებით იმპორტიორი ქვეყანა ვართ და ესეც დიდი რისკია - აქედან გამომდინარე ჩვენ კვლავაც ფრთხილ პოლიტიკას შევინარჩუნებთ“.

ეროვნული ბანკის 13 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები