მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 23-29 მარტი

ნათია თურნავა

გთავაზობთ 23-29 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

მარტში საქართველოში ლიტრი საწვავი 15-59 თეთრით გაძვირდა

ირანში მიმდინარე ომის და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე, მარტის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თვის განმავლობაში ბენზინის ფასი 15-30 თეთრით, დიზელის კი 37-59 თეთრით გაიზარდა.

  • ევრო რეგულარი: მატება 20-35 თეთრი; ფასი 3.24 – 3.29
  • პრემიუმი: მატება 24-36 თეთრი; ფასი 3.39 – 3.43
  • სუპერი: მატება 15-30 თეთრი; ფასი 3.72 – 3.83
  • დიზელი / ევრო დიზელი: მატება 37-59 თეთრი; ფასი 3.50 – 3.72 ₾.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სებ-ი აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა ინფლაციურ მოლოდინებზე მოახდინა გავლენა და ის მაღალინფლაციური სცენარისკენ გადახარა, თუმცა ჯერჯერობით სებ-ი განაკვეთის ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს.

:მიმდინარე მდგომარეობა ბოლო გამოქვეყნებული ცენტრალური სცენარიდან მაღალინფლაციური სცენარისკენ გადაიხარა, რომელიც ერთ-ერთ რისკად სწორედ გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე გაზრდილ ნავთობის ფასებს მოიაზრებდა. საყურადღებოა, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიმწვავე და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროცესების შემდგომ განვითარებაზე,"- წერს სებ-ი.

"თიბისი კაპიტალის" საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

თიბისი კაპიტალმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა და 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. გლობალურ ეკონომიკაში რეგიონის მზარდი როლის ფონზე, გაიზარდა კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესიც - ამ პროცესების საპასუხოდ კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები. თიბისი კაპიტალის მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ და კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

საქართველოს სავალუტო ფონდის მისია ეწვია

საქართველოში ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან, ასევე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან. სავალუტო ფონდი ჯერჯერობით მისიის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორც ცნობილია 7 აპრილს მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია არის დაგეგმილი.

ქართული ბანკების დაკრედიტებამ 71 მილიარდ ლარს გადააჭარბა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის 71.06 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.32%-ით მეტი) 654.63 მილიონი ლარით (0.93% ით) მეტია. ეროვნული ბანკის თანახმად, დაკრედიტების წლიური ზრდა 14.2%-ია. როგორც სებ-ის სტატისტიკიდან ირკვევა, თებერვალში დაკრედიტების ზრდის მთავარი მდგენელი ლარში სესხების 530 მილიონი ლარით მატება იყო, უცხოური ვალუტის სესხები კი 124 მილიონი ლარით გაიზარდა. ამასთან, სებ-ის თანახმად, თებერვალში ლარის დაკრედიტების მატების გამო ლარიზაციის კოეფიციენტი გაუმჯობესდა და მან 57.78% შეადგინა, რაც თვის ჭრილში 0.22 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

საბანკო დეპოზიტები 68 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

თებერვალში, სადეპოზიტო პორტფელი 1.03 მილიარდი ლარით, 67.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც თვის ჭრილში 1.54%-ის ზრდას ნიშნავს. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე მატება 1.92% იყო. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის მარტის დასაწყისისთვის საქართველოს ბანკებში არსებული დეპოზიტების სტატისტიკიდან ირკვევა. სებ-ის სტატისტიკის თანახმად, მთლიან დეპოზიტებში ლარზე 54% მოდის, რაც თვის ჭრილში ლარიზაციის 1.41 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 18.46% შეადგინა.

თებერვალში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით 429 მილიონი დოლარი შეისყიდა

თებერვალში სებ-მა რეზერვების დაგროვება განაგრძო და ჯამში 429 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ წინა თვის განმავლობაში Bloomberg-ის Bmatch პლატფორმით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების შესახებ გამოაქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე იანვარში განხორციელებული შესყიდვები, რაც 86 მილიონი დოლარის ტოლი იყო. სწორედ სავალუტო შესყიდვები გახდა თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი. კერძოდ კი გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 359 მილიონი დოლარით 6.65 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ჯერჯერობით უცნობია მოახდინა თუ არა სებ-მა 2026 წლის მარტში სავალუტო რეზერვების გაყიდვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 25 აპრილს გახდება ცნობილი.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა

ჩაიშალა 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, რომლებიც თბილისის მერიამ 20 თებერვალს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ამ ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა. გამოცხადებული ტენდერები შემდეგი მონაკვეთების ასფალტის საფარის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა:

  1. კაკაბაძეების ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ “მერანამდე” მონაკვეთი - 2 555 446 ლარი
  2. სავაჭრო ცენტრ "მერანიდან" ალ. ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთი - 2 126 797 ლარი
  3. ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთი – 2 321 065 ლარი
  4. ბესიკის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩამდე მონაკვეთი - 2 482 117 ლარი
  5. 9 აპრილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი - 2 865 489 ლარი.

კონტრაქტორს ევალებოდა ასფალტის საფარის 20 სანტიმეტრის სისქით გამოცვლა, ახალი გვერდულების მოწყობა, სანიაღვრეების მოწყობა, არსებული ჭების დემონტაჟი და ახლის მოწყობა, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და ჰიდროიზოლაციის მოწყობა, მოაჯირების მონტაჟი, ახალი სახანძრო ჰიდრანტების დამონტაჟება.

კომპანიებს რეესტრში ამონაწერის განახლებისთვის ცოტა დრო რჩებათ

კერძო კომპანიებს, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდნენ, „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად 5 დღე დარჩათ. თუ ბიზნესები 2026 წლის 1 აპრილამდე ამონაწერს არ განაახლებენ, მათი რეგისტრაცია შეჩერდება, რაც საქმიანობის პარალიზებას გამოიწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლებში ბიზნესების მიღება 28-29 მარტს, შაბათ-კვირასაც გაგრძელდება.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 1 აპრილამდე ვერ მოასწრებს მონაცემების განახლებას, მას შეეზღუდება ყველა ის ყოველდღიური ოპერაცია, რაზეც ბიზნესის ფუნქციონირებაა დამოკიდებული:

  • ხელფასების გაცემა: შეფერხდება თანამშრომლებთან ანგარიშსწორება;
  • საბანკო ოპერაციები: კომპანია ვერ შეძლებს გადარიცხვების განხორციელებას;
  • გადასახადების გადახდა: შეიქმნება პრობლემები საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას;
  • ქონების განკარგვა: იურიდიულად შეუძლებელი გახდება აქტივების მართვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები