საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-ის დონეზე უცვლელად დატოვების გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიღებისას კომიტეტმა როგორც ქვეყნის შიდა მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ისე ეკონომიკაზე მოქმედი საგარეო ფაქტორები შეაფასა.
თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები კვლავ ძლიერია და ეროვნული ბანკი ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან ელოდება, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და გლობალურ ბაზრებზე არსებული რისკები მონეტარული პოლიტიკის შედარებით მკაცრი პოზიციის შენარჩუნებას განაპირობებს.
"კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ უცვლელად დაგვეტოვებინა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ის დონეზე. ჩვენ ასეთ დროს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ორგვარი ჯგუფის ფაქტორების: პირველ რიგში, რა ვითარება არის ქვეყნის ეკონომიკაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა გარე ფაქტორები მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე.
რაც შეეხება შიდა ეკონომიკურ ვითარებას, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავაც საკმაოდ ჯანსაღია. ზრდა ეკონომიკის არის ძლიერი, ძირითადად განპირობებულია მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით, რაც ამცირებს აქედან მომავალ ინფლაციურ წნეხს.
ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ სავალუტო ბაზარზე ნარჩუნდება სტაბილურობა, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი განაგრძობს ასე ვთქვათ გამყარებას და ეს კარგ საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი საერთაშორისო რეზერვების ზრდა.
აქედან გამომდინარე, საკმაოდ პოზიტიური და საიმედო ტენდენციებია. ველოდებით, რომ ყველა თანაბარ პირობებში, ნორმალიზებას ინფლაცია დაიწყებს წლის მეორე ნახევრიდან და ეს განსაკუთრებით შეეხება საკვებ პროდუქციას და საკვებ პროდუქციაზე არსებულ ფასებს.
ახლა, რაც შეეხება გარე ფაქტორებს: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს და შეიძლება ითქვას განმაპირობებელია ერთ-ერთი ჩვენი გადაწყვეტილებების. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავაც მაღალი დოზით ნარჩუნდება გაურკვევლობა: კვლავაც გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, რაც ძალიან დიდი წნეხია ჩვენს რეგიონზე და მათ შორის ჩვენს მიერ გასათვალისწინებელი ფაქტორი. ასევე გრძელდება ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტი და ნავთობის მიწოდების არხები მსოფლიო ბაზარზე ისევ შეფერხებით მუშაობს. ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასები ასევე ძალიან მაღალი მერყეობით ხასიათდება და ეს მუდმივად აისახება ჩვენს ბაზარზე.
და აქედან გამომდინარე, წინა თვეში, მაგალითად, მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, შეიძლება ითქვას პიკური, 5.8%. თუმცა, დადებითი ფაქტორი არის ის, რომ რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც გამორიცხავს მაღალი მერყეობის ფასებს - ის კვლავაც ნარჩუნდება მიზნობრივ 3%-თან ახლოს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენს ცენტრალურ სცენარში გავითვალისწინოთ ინფლაციის ეტაპობრივი კლება ამ წლის მეორე ნახევრიდან.
ჩვენ ასევე განვაახლეთ ჩვენი მაკროეკონომიკური სცენარი. კვლავაც ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მოლოდინს წლევანდელ წელს 6.5%-ის დონეზე, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენი ცენტრალური სცენარის მიხედვით 5.2% შენარჩუნდება.
რას ნიშნავს ეს ეროვნული ბანკისთვის? ეს კვლავაც გვაიძულებს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ შედარებით მკაცრი პოზიცია, ვიყოთ მუდმივად მზადყოფნაში და ვადევნოთ თვალყური განსაკუთრებით გეოპოლიტიკურ ფაქტორებს და გარედან მომავალ წნეხს. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი, რათა შენარჩუნდეს ფასების სტაბილურობა და ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდეს მის 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს,"- განაცხადა ნათია თურნავამ.




























