მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ი უნდა გადავიდეს დაკვირვების რეჟიმში" - ეკონომისტი 7%-იანი ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე

5e0f596c32f06
BM.GE
03.01.20 21:23
1203
ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი bm.ge-სთან 7%-იანი ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, ინფლაციის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია ფულის მასის ზრდით.

„ფულის მასასა და საქონლისა და მომსახურებას შორის როგორც კი ჩნდება დისბალანსი, ინფლაციაც იჩენს თავს. ანუ იმაზე მეტი ლარი არის მიმოქცევაში, ვიდრე ეკონომიკას სჭირდებოდა. ამას დაემატა ვალუტის გაუფასურება და შედეგად გარკვეულწილად იმპორტირებულ საქონელზე გაიზარდა ფასები, ძირითადად, ევროზონის ტიპის ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტზე და იმ ქვეყნებიდან, მაგალითად აზერბაიჯანული იმპორტი, სადაც უფრო მყარი იყო მათი ეროვნული ვალუტა“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.

მან ასევე ისაუბრა ცალკეული ჯგუფის პროდუქტებისა და მომსახურების ფასების ცვლილებაზე და ყურადღება გაამახვილა თამბაქოზე ფასის ზრდის მიზეზზე.

„თუ კატეგორიად დავყოფთ, ფასების კლება გვაქვს ფარდობითად პიროტექნიკისა და ელექტროტექნიკის მიმართულებით, საახალწლო ფასების წნეხი რომ წარმოვიდგინოთ. თუმცა, სხვა პროდუქტებზე, როგორიც არის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები და ა.შ ყველა მახასიათებელში გვქონდა ზრდა. მათ შორის გამოირჩევა თამბაქოზე და სიგარეტზე ფასების ზრდა, რაც ძირითადად გამოწვეულია აქციზის გადასახადის ზრდით. აქციზმა ერთჯერადად გაზარდა, თუმცა, ამ ერთჯერად ზრდას შემდეგ მიეცა ტენდენცია, ვინაიდან ადგილი აქვს კონტრაბანდული ნაკადების ზრდას, იმიტომ რომ როცა ფასები იზრდება, აჩენს კონტრაბანდის სტიმულს... განსაკუთრებით კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან... ეს შემოდინება როცა ხდება, ლეგალური გაყიდვები მცირდება, ვინაიდან გამყიდველებს სიგარეტის და თამბაქოს ლეგალური გაყიდვები უმცირდებათ, ისინი ცდილობენ ფასნამატით დაიკომპენსირონ დაკარგული შემოსავლები.

ცოტა პარადოქსულია ეკონომიკურ კანონზომიერებასთან მიმართებით, თუმცა, ბიზნესი, სწორედ ასე მოქმედებს, როდესაც ჰქონდა გათვლა, რომ უნდა გაეყიდა 100 კოლოფი, და 100 კოლოფს ვერ ყიდის, ამ შემთხვევაში ის ზრდის ფასს და ცდილობს 80 კოლოფში ამოიღოს 100-ის ფასი. შესაბამისად კონტრაბანდა ირიბად ამცირებს თავისუფალ კონკურენციას და როცა იზრდება კონტრაბანდა, იზრდება ლეგალურ გაყიდვებზე ფასებიც.

რაც შეეხება ელექტროტექნიკას, როგორიცაა მობილურები, საოჯახო ტექნიკა, ამ მიმართულებით მკვეთრი ზრდა არ შეინიშნებოდა, მიმდინარე წელსაც უნდა ველოდოთ, რომ პირიქით უფრო სტაბილურობა გვექნება. ხოლო სხვა ნაწილში, სანამ სეზონური ფასები არ შემოვა, ალბათ არ უნდა ველოდოთ მკვეთრად ინფლაციის დასტაბილურებას. ეს არის დაახლოებით აპრილის თვისთვის, როდესაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სეზონურად შემოვა ბაზარზე, იმ პერიოდისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ინფლაციის მაჩვენებლის დაბლა დაწევა“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.

ეკონომიკის დოქტორმა ასევე შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ გასულ თვეს გადადგმული ნაბიჯები და განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არასწორი იყო.

„რასაკვირველია ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, თუმცა, ვფიქრობ რომ ის ნაბიჯები, რაც განსაკუთრებით დეკემბრის შუა რიცხვებში გადაიდგა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ გაიზარდა, არასწორი იყო, ვინაიდან საახალწლო ფასთა ციებ-ცხელების დროს, ასეთი ნაბიჯი არ არის გამართლებული, მას მკვეთრი ეფექტი ვერ ექნებოდა. თუმცა, ისინი ცდილობდნენ, რომ მაჩვენებელი რამენაირად დაეჭირათ, რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე.

სამწუხაროდ, ისინი ამ ფასების ზრდას მკვეთრად ვერ შემცირებდნენ, ამიტომაც ეს პოლიტიკა არ იყო სწორი დეკემბრეში. მათ ეს უნდა განეხორციელებინათ მიმდინარე კვირის ბოლოს, შეიძლებოდა მას გაცილებით უფრო მაღალი ეფექტი ჰქონოდა ლარის ინფლაციის მოთოკვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა გერლიანმა.

ხოლო კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მხრიდან, რამაზ გერლიანი პასუხობს:

„ეროვნული ბანკის მხრიდან ამ ეტაპზე პრაქტიკულად ვერავითარი ნაბიჯის გადადგმაზე ვერ იქნება საუბარი, მან უკვე გადადგა ეს ნაბიჯი რეფინანსირების განაკვეთის მიმართულებით, მას ერთადერთი რაც შეუძლია, სხვა ინსტრუმენტებიც გამოიყენოს, რომელიც ლარის მასას შეამცირებს. თუმცა, ეს ძალიან სათუთი თემაა, თუ ლარის მასის შემცირებაზე დავალთ, ეს პირდაპირ დაარტყამს ეკონომიკურ აქტივობას, ეკონომიკური აქტივობის შემცირება რასაკვირეელია ეკონომიკურ ზრდაზე მოახდენს გავლენას.

ამიტომაც ის უნდა გადავიდეს გარკვეული პერიოდი დაკვირვების რეჟიმში, რა მაჩვენებელზე იქნება ტენდენცია ინფლაციისა.. მათ შორის კურსზე უნდა ეჭიროს თვალი. ამ ეტაპზე მისი მხრიდან რაიმე ნაბიჯების გადადგმა ალბათ არ იქნება სწორი. თუნდაც გასულ თვეს მას მკვეთრი ძვირი ფულის პოლიტიკა არ უნდა გაეტარებინა, რაც მაინც და მაინც არ არის სახარბიელო და კარგი. მან უკვე გააძვირა ფული. ძვირი ფული მერე უკვე იწვევს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებას და ფასების ზრდას“, - განმარტა რამაზ გერლიანმა.

შეგახსენებთ, 2019 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.