მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ლევერიჯის კოეფიციენტის შესახებ დებულებაში ცვლილებები შეიტანა

5ea92e91272ed
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.20 19:40
1141
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლითაც კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტების მოთხოვნის დარღვევითვის სანქციები არის განსაზღვრული.

ლევერიჯი ბანკის პირველად კაპიტალთან ვალდებულებების წილს აღნიშნავს და ის კომპანიის ფინანსური სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ლევერიჯის შესახებ დებულების მეათე მუხლში შესული ცვლილებებით, კომერციული ბანკებისთვის მისი დარღვევის შემთხვევაში ამგვარი სანქციები არის განსაზღვრული:

1. დებულებით განსაზღვრული კოეფიციენტის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს ეკრძალება კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით გათვალისწინებული ძირითადი პირველადი კაპიტალის განაწილება, დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტებზე გადახდების განხორციელება, ცვალებადი ანაზღაურების (ბონუსების) გადახდის ვალდებულების შექმნა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა გადახდების განხორციელება იმ პერიოდისათვის, როდესაც ბანკი ვერ აკმაყოფილებს ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა),"- ნათქვამია დადგენილებაში.

სებ-ში აცხადებენ, რომ მიღებული ცვლილებების მიზანს დადგენილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა:

„როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის დეკემბერში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც ახლებურად ჩამოყალიბდა ბანკების მიმართ სანქციების დაკისრების საკითხი. კერძოდ, კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს საზედამხედველო ზომებისა და სანქციის - ფულადი ჯარიმის გამოყენების უფლებამოსილება. შესაბამისად, სანქციის ერთადერთ სახედ განისაზღვრა ფულადი ჯარიმა, ხოლო ყველა სხვა ზომას (მაგალითად, ადმინისტრატორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას, წერილობით გაფრთხილებას, ა.შ.) კანონმდებელმა უწოდა საზედამხედველო ზომა.

აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე აქტების გადასინჯვაც. სწორედ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად იქნა შეტანილი ცვლილება „კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში, რომლის ახალი რედაქციაც უთითებს „საზედამხედველო ზომებსა და სანქციაზე (ფულადი ჯარიმაზე)“, ნაცვლად „სანქციებისა“,"- განმარტავენ ეროვნულ ბანკში.